ახალი ამბები

გაბუნიას მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ

19 ივნისი, 2020 • 763
გაბუნიას მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ

ტელეკომპანია “მთავარი არხის” წამყვან გიორგი გაბუნიას მისი შესაძლო მკვლელობის მომზადების საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხავენ. მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა თავად გაბუნიამ მოითხოვა. ამავე ფორმატში მისცემს ჩვენებას “მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამიაც.

გიორგი გაბუნია სასამართლოში უკვე მივიდა.

“ბევრი სათქმელი არ მაქვს”, – განაცხადა სასამართლოში შესვლამდე გაბუნიამ.

ჟურნალისტის თქმით, მას ზოგადი ინფორმაცია ჰქონდა, რომ შეიძლება მისი მკვლელობა მართლაც დაგეგმილი იყო. ასევე იცოდა, რომ უთვალთვალებდნენ, რაც მისმა დაცვამ შეამჩნია, თუმცა არ იცის, უშუალოდ ვინ ახორციელებდა თვალთვალს.

15 ივნისს, ფორმულამ და „მთავარმა არხმა“ გაავრცელეს ინფორმაციას, რომ  12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანიის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს, რომ სპეცოპერაციისას დაკავებულ მოქალაქეს ბრალს, მათ შორის, ედავებიან შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტს, თუმცა მათ არ დაუკონკრეტებიათ, არის თუ არა საუბარი გიორგი გაბუნიაზე.

გასული წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც გიორგი გაბუნიამ, რომელიც იმ დროს ტელეკომპანია „რუსთავი2”-ში მუშაობდა, რუსეთის პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში აგინა, ჟურნალისტს დაემუქრნენ როგორც ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, ისე ერთ-ერთი რუსი ბლოგერი. კადიროვმა ტელეწამყვანს „ურჩია”, რომ პუტინის გინების შემდეგ დაიმალოს, რადგან დედამიწაზე „მილიონობით ახალგაზრდა არსებობს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს”.  ბლოგერმა კი გიორგი გაბუნია ბრძოლაში გაიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი