ახალი ამბები

მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ შეასრულოს შეთანხმება – ჰარცელი

18 ივნისი, 2020 •
მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ შეასრულოს შეთანხმება – ჰარცელი

“ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ყველა მხარემ გააგრძელოს 8 მარტის შეთანხმების შესრულება და იმუშაონ დოკუმენტის სრული იმპლემენტაციისთვის”, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საქართველოს პარლამენტში სტუმრობისას.

“ჩემი ფუნდამენტური აზრი მარტის შეთანხმებაზე არის ის, რომ ეს იყო უზარმაზარი პროგრესი ყველა პოლიტიკური მხარისთვის. ასევე ვფიქრობ, რომ როდესაც საუბარია შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ეს მართლა განგრძობადი, ძალიან ვრცელი კონსენსუსია ამ ფაქტზე, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიისთვის და ასევე, კარგი იქნება ამ არჩევნებისთვის. ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები ხელს შეუწყობს ერთ-ერთ პრინციპულ მიზანს, რომ მოხდეს პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაცია. ჩვენ ისევ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახლა, რომ ყველა მხარემ გააგრძელოს შეთანხმების შესრულება და იმუშაონ სრული განხორციელებისთვის. ჯერ ისევ ვიმედოვნებ, რომ ეს შესაძლებელია”, – განაცხადა ჰარცელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით.

გიორგი რურუას პატიმრობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ კი ჰარცელმა უპასუხა:

“სპეციფიკურ საკითხზე ცოტა თავშეკავებული ვიქნები. მნიშვნელოვანია, ურთიერთგაგების მემორანდუმისა და ერთობლივი განცხადების ყველა ელემენტი შესრულდეს”.

შეერთებული შტატების, გერმანიის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ელჩები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ უმრავლესობის წევრები – კახა კუჭავა და ირაკლი კობახიძე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილე მიხეილ სარჯველაძე.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საპარლამენტო არჩევნების დროს კოვიდ 19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხებს. საქართველოს პარლამენტი მთავრობასთან ერთად მუშაობს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ორიენტირებულ წესებზე, რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ვირუსის გავრცელების პრევენციის და მოქალაქეთა უსაფრთხოების დასაცავად იქნება გამოყენებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი