ახალი ამბები

რა მოთხოვნები აქვთ ვარკეთილის დამწვარი ბაზრობის მოვაჭრეებს

17 ივნისი, 2020 •
რა მოთხოვნები აქვთ ვარკეთილის დამწვარი ბაზრობის მოვაჭრეებს

ვარკეთილის დამწვარი ბაზრობის მოვაჭრეთა ნაწილი თბილისის ვიცე-მერსა და ბაზრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს დღეს, 17 ივნისს შეხვდა. როგორც შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი სატურაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, შეხვედრაზე ზარალის ანაზღაურების საკითხზე ისაუბრეს.

მისივე თქმით, სადაზღვევო კომპანიის, “ირაოს” შეთავაზება კვადრატული მეტრზე 500 ლარის გადახდასთან დაკავშირებით მათთვის მიუღებელია, რადგან, როგორც თავად ამბობს, დამწვარი ბაზრობის ტერიტორიაზე სულ 4 კვ.მ მაღაზიას ფლობდა, თუმცა გასაყიდი პროდუქციის ღირებულება გაცილებით მეტია.

სადაზღვევო კომპანიის პირობებზე დღეს, 17 ივნისს, “ვარკეთილი 96-ის” იურისტმა ნანა წულაძემ ბრიფინგზე ისაუბრა. სწორედ მისგან გახდა ცნობილი, რომ კომპანია მოვაჭრეებს ორ ალტერნატივას სთავაზობს: საქონელის ანაზღაურება ან კვ.მ-ზე 500 ლარი. იმისთვის, რომ მოვაჭრემ დამწვარ პროდუქციაზე თანხა მიიღოს, მას საქონლის შესყიდვის საბუთი უნდა ჰქონდეს. როგორც სატირაშვილი ამბობს, ასეთი საბუთი ბაზრობაზე მოვაჭრეების დიდ ნაწილს არ აქვს. დღევანდელ შეხვედრას “ირაოს” წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ და, როგორც სატურიშვილმა გვითხრა, სადაზღვევო კომპანიასთან შეხვედრა რამდენიმე დღეში იგეგმება.

ვარკეთილის ბაზრობაზე მომუშავე გიორგი სატურაშვილი ამბობს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე თავიანთი მოთხოვნები დააყენეს, რაც გულისხმობს სესხების გადავადებას, ასევე, ბაზრობის იმ ფორმით აღდგენას, რომ დაზარალებულმა მოვაჭრეებმა მუშაობის განახლება შეძლონ.

“რაც შეეხება სადაზღვევო კომპანია “ირაოს”, მათ, ვისაც საბუთები წესრიგში აქვთ, საქონლის მაქსიმალური თანხა უნაზღაურდებათ. ხოლო მათ, ვისაც საბუთები წესრიგში არ აქვთ, მათი მხირდან შეთავაზება იყო, რომ კვ.მ-ზე 500 ლარს მოგვცემენ. ჩვენ მოვითხოვეთ, ჩვენი საქონლის ღირებულების 50% მაინც აანაზღაურონ. ბაზრის მოვაჭრეთა 80%-ს, შესაძლოა მეტსაც კი, საბუთები მოწესრიგებული არ აქვს, რადგან ასეთი მოთხოვნა აქამდე არ ყოფილა. არც ბაზრობის ადმინისტრაციას მოუთხოვია აქამდე ეს საბუთი. ამ თანხით შევძლებთ, საქონლის რაღაც ნაწილი მაინც შემოვიტანოთ, რადგან დანაზოგი აღარ გვაქვს. მოგეხსენებათ, კორონავირუსის გამო თითქმის სამი თვე გაჩერებულები ვიყავით”,-ამბობს სატურაშვილი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თბილისის ვიცე-მერმა ილია ელოშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზარალის დათვლა უკვე ხვალიდან დაიწყება და სპეციალური სამსახურები ამ ზარალს თითოეული მოვაჭრის შემთხვევაში ინდივიდუალურად დაითვლიან.

ვარკეთილში შერეული ტიპის ბაზრობა 15 ივნისს, ღამით დაიწვა, რის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაზარალდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი