ახალი ამბები

“საგანგაშოა ივანიშვილის რეჟიმის რეაქცია” – ბოკერია გაბუნიას მკვლელობის შესაძლო დაგეგმვაზე

17 ივნისი, 2020 • 845
“საგანგაშოა ივანიშვილის რეჟიმის რეაქცია” – ბოკერია გაბუნიას მკვლელობის შესაძლო დაგეგმვაზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის გეგმის ფაქტს გამოეხმაურა.

ბოკერიას შეფასებით, საგანგაშოა საქართველოს ხელისუფლების რეაქცია ამ ფაქტზე, რადგან პრემიერის, პრეზიდენტისა თუ სხვების განცხადებები ქვეყნის შიგნით ოპოზიციის წინააღმდეგ იყო მიმართული და არცერთ მათგანს ვლადიმერ პუტინის რეჟიმი არ უხსენებია. ბოკერია აცხადებს, რომ იმის მაგვივრად, ხელისუფლებამ რუსეთი ღიად დაადანაშაულოს საერთაშორისო ასპარეზზე და მუქარისთვის “პოლიტიკური ფასი გადაახდევინოს”, ქვეყნის შიგნით ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს.

“ჩვენთვის საგანგაშოა ის რეაქცია, რაც ივანიშვილის რეჟიმისგან მოვისმინეთ… ყველა ეს განცხადება თითის გაშვერა იყო ქვეყნის შიგნით ოპონენტების წინააღმდეგ. არცერთ მათგანს პუტინის რეჟიმი და რუსეთის ფედერაცია არ უხსენებია. თუ ისეთი ვითარებაა, რომ გამოძიება გრძელდება და ხელისუფლებისთვის შესაფერისი დრო არ არის, რომ თქვას, ამ საქმეში შესაძლოა ჩართულები იყვნენ რუსეთის რეჟიმის წარმომადგენლები, კადიროვი ან ვინმე სხვა, მაშინ ოპონენტების წინააღმდეგ განცხადებებს რატომ აკეთებენ… აქ ოპოზიციის რეპუტაცია კი არ არის მთავარი პრობლემა, ეს რისკის შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის, რადგან როცა ხელისუფლება ასეთ აშკარა შემთხვევაში არ აძლევს- არც თავის დროზე, არც ახლა- საჯარო რეაქციას კადიროვის მხრიდან პირდაპირ მუქარას ჩვენი მოქალაქის შესაძლო მკვლელობასთან დაკავშირებით, თუკი ასეთ დროს, როცა დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, საერთაშორისო ასპარეზზეც კი არ ტეხ განგაშს… ეს მომავალში მარტო გაბუნიათვის კი არა, არამედ ყველა ჩვენი მოქალაქისთვის მომავალში ზრდის რისკს,”-აცხადებს ბოკერია.

15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას. გვარამიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც გასულ წელს პუტინის გინების გამო გაბუნიას გადამალვა ურჩია.

კადიროვი გაბუნიაზე: თუ ვინმე ჩემი მითითებით მოქმედებს, ასრულებს კიდეც

მასალების გადაბეჭდვის წესი