ახალი ამბები

მესმის გავრილოვზე პროტესტი, თუმცა შტურმი დაუშვებელია – გახარია

17 ივნისი, 2020 • 1249
მესმის გავრილოვზე პროტესტი, თუმცა შტურმი დაუშვებელია – გახარია

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ის ეთანხმება პროტესტს სერგეი გავრილოვთან დაკავშირებით, თუმცა მიიჩნევს, რომ პარლამენტზე და სამართალდამცავებზე თავდასხმა გაუმართლებელია. ამის შესახებ გახარიამ “პირველი არხის” ეთერში ისაუბრა.

“ყველას უნდა გვახსოვდეს ის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები ხდება არა ძალადობის გზით, არა პარლამენტის შტურმით და პარლამენტში შეჭრის გზით, არამედ საარჩევნო ურნასთან, ეს უკვე გარდამავალი დემოკრატიისთვის არის საკმაოდ სერიოზული წარმატება და მე ვთვლი, რომ ის სამწუხარო, ზოგ შემთხვევაში, ტრაგიკული შემთხვევები, რაც 20 ივნისს მოხდა, ეს მუდმივი ტვირთი იქნება ჩვენთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ცხოვრებაში მსგავსი აღარ უნდა განმეორდეს, რა სახის გამართლებაც არ უნდა ჰქონდეს ამას. ხშირად მსმენია გავრილოვი, მესმის, ვეთანხმები კიდეც, მაგრამ შტურმი შენი ქვეყნის უმაღლეს ინსტიტუტზე შეჭრის მიზნით და თავდასხმა შენი ქვეყნის პოლიციელებზე, სამართალდამცავებზე, შეუძლებელია რამით გაამართლო”, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მისი აზრით, 20 ივნისის მოვლენებს ადეკვატური სამართლებრივი შეფასება მოჰყვა. მან ასევე მიანიშნა პოლიტიკურ შეფასებაზეც.

“პოლიტიკური შეფასება ოქტომბერში იქნება და ჩვენ ამას მოვესწრებით. ყოველ შემთხვევაში, ეს იქნება საქართველოს მოქალაქეების შეფასება და რანაირიც არ უნდა იყოს ეს შეფასება, მე ამას დავეთანხმები”, – თქვა გიორგი გახარიამ.


2019 წლის 20-21 მოვლენები საქართველოში სწორედ რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტსა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათებას მოჰყვა. ამის გამო დაწყებული საპროტესტო აქცია კი დარბევით დასრულდა, რა დროსაც რამენიმე ასეული ადამიანი დაშავდა, ორმა ადამიანმა კი თვალი დაკარგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი