ახალი ამბები

“გულგატეხილი ვარ, რომ ასეთი რამ შეიძლება ხდებოდეს” — აშშ-ის ელჩი NATO-ში გაბუნიას შესაძლო მკვლელობის დაგეგმვაზე

16 ივნისი, 2020 • 1116
“გულგატეხილი ვარ, რომ ასეთი რამ შეიძლება ხდებოდეს” — აშშ-ის ელჩი NATO-ში გაბუნიას შესაძლო მკვლელობის დაგეგმვაზე

NATO-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კეი ბეილი ჰათჩინსონის თქმით, გაერთიანებულ სამეფოში სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობის მსგავსად, ალიანსი ეწინააღმდეგება ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო შეკვეთილი მკვლელობის მცდელობას. ამის შესახებ მან ეგორ კუროპტევის გადაცემაში — „პოგრანიჩნაია ზონაში“ საუბრისას განაცხადა.

კუროპტევის კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა კრემლის ასეთ ქცევას, ჰათჩინსონმა უპასუხა:

„რა თქმა უნდა, მე გულგატეხილი ვარ, რომ რაიმე ასეთი ხდება ან შეიძლება მოხდეს საქართველოში და სადმე სხვაგან. სუვერენულ ქვეყნებში დეზინფორმაცია და მათი არალეგალური დაპყრობა, როგორც საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიის შემთხვევებში იყო, არის რაღაც, რის წინააღმდეგაცაა ყველა ჩვენგანი. ჩვენი ალიანსი ეწინააღმდეგება რუსეთის აგრესიას საქართველოსა და უკრაინაში, რა თქმა უნდა, იგივე პოზიციაზეა აშშ-ც. რაც დაემართა რუსეთის ყოფილ მოქალაქე სკრიპალს გაერთიანებულ სამეფოში, გახდა მწვავე რეაგირების საბაბი მთელი NATO-ს ბლოკისგან. ეს რომ საქართველოში ხდებოდეს, ყველა ჩვენგანი რუსეთის მხრიდან ასეთი საშინელი, დანაშაულებრივი ქმედებების წინააღმდეგი იქნებოდა. ასევე გეტყოდით, რომ მოვწუდებთ რუსეთს, შეწყვტოს დეზინფორმაციის კამპანია, რომელსაც საქართველოში, უკრაინასა და ბევრ სხვა ქვეყანაში აწარმოებს“, — განაცხადა


გუშინ, 15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას. გვარამიამ გუშინვე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც გასულ წელს გაბუნიას პუტინის გინების გამო გადამალვა ურჩია.

გვარამიას ბრიფინგის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც დაადასტურეს, რომ 12 ივნისს დაკავებულ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით მართლაც მიმდინარეობს გამოძიება “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”. თუმცა სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად ვის ლიკვიდაციაზეა საუბარი და სხვებსაც მოუწოდებს, თავი შეიკავონ “დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში 2019 წელს მონოლოგისას ვლადიმირ პუტინს რუსულად შეაგინა. აღნიშნული რამდენიმე საათში დაგმეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა და სხვა თანამდებობის პირებმა. მათ საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდეს, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქციელისთვის სათანადო შეფასება მიეცათ.

საქართველოს უმაღლესო თანამდებობის პირებს ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ რაიმე სახის განცხადება გიორგი გაბუნიას შესაძლო დაგეგმილი ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ.

ამავე თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი