ახალი ამბები

საფრთხეს არ გადაუვლია — გაბუნია

16 ივნისი, 2020 • 2492
საფრთხეს არ გადაუვლია — გაბუნია

ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას თქმით, მისი შესაძლო მკვლელობის ინიციატორი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია. ამის შესახებ გაბუნიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„საფრთხემ არ გადაიარა. პირადად ჩემს შემთხვევაშიც ხომ მიამიტობა იქნებოდა, ვიფიქრო, რომ მხოლოდ ერთი ადამიანია, რომელსაც დააკავებენ და მორჩა ეს ყველაფერი, რადგანაც მთავარი, ვისგანაც მოდის ეს ყველაფერი, არის ვლადიმერ პუტინი და მას ნებისმიერი სხვა შეუძლია შეარჩიოს იმისთვის, რომ იგივე გაიმეოროს. შეიძლება, ამ შემთხვევაში, როცა ეს ერთხელ არ გამოუვიდათ, უფრო მეტი საბაბიც ჰქონდეს, რომ დაუმტკიცოს ყველას, რომ მას შეუძლია ამის გაკეთება, თუ მოინდომებს და, რაც მთავარია, საფრთხე არ მეხება მხოლოდ მე, ეს ყველამ ვიცით. მე ვარ საქართველოს ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, [საფრთხე ემუქრება] საქართველოს ყველა მოქალაქეს“, — აღნიშნა მან.

გარდა ამისა, გაბუნიამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა — როგორც უკრაინული, ასევე, ქართული მხარის წარმომადგენლებს.

„გუშინაც ვთქვი და დღესაც მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იმუშავა ამ სპეცოპერაციაზე. იქნება ეს უკრაინული მხარე თუ – ქართული, ყველას დიდი მადლობა, ვისი დამსახურებითაც გერთვებით ახლა პირდაპირ ეთერში“, — განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიამ ასევე მისი თვალთვალის შესახებაც ისაუბრა. გაბუნიას თქმით, მისმა დაცვამ სახლთან შეამჩნია საეჭვო ავტომობილები, თუმცა არ იციან, ვინ იყვნენ _ სუს-ის თუ „კილერების“ წარმომადგენლები.

„დაცვამ შეამჩნია [თვალთვალი]. სწორედ ამიტომ, დაცვის გაძლიერება მოხდა. ის მე მყავდა ჯერ კიდევ მანამდე, რელიგიურ თემებზე გამოსვლების გამო, მაგრამ უფრო მსუბუქი. ამის შემდეგ მოხდა გაძლიერება, რადგანაც დაცვა ხედავდა, რომ ჩემს სახლთან განსაკუთრებით იდგა რაღაც საეჭვო მანქანები, რამდენიმე მანქანა, რადგანაც რამდენიმე მანქანაა ჩემს გასასვლელთან და ამ ადამიანების პროფესიაა ეს. ვეკითხებოდი, რანაირად ამჩნევთ, რომ საეჭვო მანქანაა-მეთქი. ისინი მეუბნებიან, რომ გიორგი, გითვალთვალებენ, ამჩნევდნენ, რომ სურათებს მიღებდნენ.

რა თქმა უნდა, შეუძლებელია [ბრალდებულს] მარტო ემოქმედა, მაგრამ ვიმეორებ, ის ადამიანები, ჩემს სახლთან რომ ტრიალებდნენ, არ ვიცით, ვერ ვხვდებოდით, ვინ იყვნენ, ქართული მხარე იყო, როცა სუსი ჩაერთო ამ ყველაფერში, თუ მანამდე იყვნენ კილერების წარმომადგენლები, არ ვიცით“, — დასძინა ჟურნალისტმა.


15 ივნისს, „მთავარმა არხმა“ განაცხადა, რომ მათი ცნობით,  12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანიის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს, რომ სპეცოპერაციისას დაკავებულ მოქალაქეს ბრალს, მათ შორის, ედავებიან შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტს.

გასული წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც გიორგი გაბუნიამ, რომელიც იმ დროს ტელეკომპანია „რუსთავი2”-ში მუშაობდა, რუსეთის პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში აგინა, ჟურნალისტს დაემუქრნენ როგორც ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, ისე ერთ-ერთი რუსი ბლოგერი. კადიროვმა ტელეწამყვანს „ურჩია”, რომ პუტინის გინების შემდეგ დაიმალოს, რადგან დედამიწაზე „მილიონობით ახალგაზრდა არსებობს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს”.  ბლოგერმა კი გიორგი გაბუნია ბრძოლაში გაიწვია.

„მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ მასალაში დაკონკრეტებული არ არის, მათი ინფორმაციით, რის გამო იგეგმებოდა ჟურნალისტის ლიკვიდაცია და უკავშირდება თუ არა ეს ზემოაღნიშნულ მოვლენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი