ახალი ამბები

მეშახტეებსა და კომპანიას შორის შეთანხმება შედგა – პროფკავშირები

16 ივნისი, 2020 • 785
მეშახტეებსა და კომპანიას შორის შეთანხმება შედგა – პროფკავშირები

საქართველოს მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის ხელმზღვანელის, თამაზ დოლაბერიძის თქმით, ტყიბულში მეშახტეებსა და კომპანიას შორის შეთანხმება შედგა. მისივე თქმით, მეშახტეები მუშაობას ხვალიდან, ანუ 17 ივნისიდან გააგრძელებენ.

ამ შეთანხმებას წინ უძღოდა რამდენიმედღიანი პროტესტი, რომლის ფარგლებშიც, მათ შორის, დღეს, მერიის წინ მეშახტეებმა აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ნორმების დაცვა იყო.

დოლაბერიძე ნეტგაზეთს უყვება, რომ შეთანხმების ფარგლებში სამუშაო პირობები გაუმჯობესდება, მუშებს კი ბონუსური სისტემით გაზრდილი ანაზღაურება დაერიცხებათ.

„შეთანხმება პროფკავშირს, მეშახტეებსა და კომპანიას შორის შედგა, რომლის თანახმადაც, 27 აგვისტომდე კომპანიამ შრომის პირობებთან დაკავშირებული პრობლემები უნდა გადაწყვიტოს. 27 აგვისტოდან მალევე კი უნდა დაიდოს წერილობითი შეთანხმება, სადაც საუბარი იქნება თითოეულ მეშახტესთან ბონუსური სისტემის შემოღებაზე.

მეშახტეები თავიანთ პროტესტს უკავშირებენ 9 ივნისს შახტში მომხდარ საწარმოო შემთხვევას. ამ დღეს გაფუჭდა ლიფტი, რომელშიც დაახლოებით 20 მუშა იმყოფებოდა. მეშახტეები ამბობენ, რომ სიკვდილს სასაწაულებრივად გადაურჩნენ. თავის მხრივ შახტის მმართველმა კომპანიამ შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევაში მეშახტეები დაადანაშაულა.


წლების განმავლობაში შახტებს კომპანია „საქნახშირი“ ფლობდა, თუმცა 2019 სექტემბერში ამ ბიზნესიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

სწორედ ამ პერიოდში, მეშახტეების პროტესტის ფონზე, ტყიბულში ჩავიდა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

ნათია თურნავამ პირობა დადო, რომ „საქნახშირს“ სხვა კომპანია — Steel International Trade Company — ჩაანაცვლებდა, რომელიც 500 000 მლნ-ის ინვესტიციას ჩადებდა, ხელფასებსაც გადაიხდიდა და ნოემბრიდან განაახლებდა სამუშაოებს შახტებში.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ კომპანიამ „საქნახშირის“ წილები 27 სექტემბერს 1 ლარად იყიდა. როდესაც მეშახტეები სამუშაოს დაუბრუნდნენ, სწორედ ეს კომპანია დახვდათ ადმინისტრაციაში.

თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, სამუშაოები ისე განაახლეს, რომ სამუშო პირობები არათუ გაუმჯობესდა ან გამოსწორდა, არამედ გაუარესდა.

კომპანიის წარმოამდგენლის, მიხაილ სოცკის განცხადებით, შახტზე სრული რეკონსტრუქციის სამუშაოები 2021 წლის ბოლოს დასრულდება.

ვრცლად:

მოკლედ: რა ხდება ტყიბულში და რას ითხოვენ მეშახტეები

მასალების გადაბეჭდვის წესი