ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოქალაქეები კვლავ არ იცავენ წესებს – ფაშინიანი Covid-19-ზე

13 ივნისი, 2020 • 1467
მოქალაქეები კვლავ არ იცავენ წესებს – ფაშინიანი Covid-19-ზე

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას „ცუდს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მოქალაქეები კვლავ არ იცავენ ანტიეპიდემიოლოგიურ წესებს.

13 ივნისს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ბოლო 24 საათის განმავლობაში Covid-19-ით ინფიცირების 723 და გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელდა 442 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-ით 16004 ადამიანია ინფიცირებული. გარდაცვლილია 264 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 6081 ადამიანი. ჩატარებულია 80130 ტესტირება.

ფაშინიანმა 13 ივნისს, ფეისუბკის ლაივში განაცხადა, რომ დამწუხრებულია ინფიცირების ახალი შემთხვევების დიდი რაოდენობით და ასევე თქვა:

„თუმცა მხოლოდ რიცხვების გამო არ ვარ დამწუხრებული. სამსახურში სევანიდან მოვედი და მანქანის ფანჯრიდან ვხედავდი, რომ ხალხი ისევ არ იცავს დაწესებულ ნორმებს“, – თქვა მან.

დაწესებული ნორმებია პირბადის გამოყენება საჯარო სივრცეში და ფიზიკური დისტანციის დაცვა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის 12 ივნისის სხდომაზე განაცხადა, რომ„თუ ყოველდღიურად სომხეთში 550-600 ახალი შემთხვევა გვექნება, ამ დატვირთვას ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს; ამავე დროს, ფაშინიანი აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, ქვეყანა ისევ ჩაიკეტოს, თუკი ინფიცირებულთა ყოველდღიური რიცხვი ამ ლიმიტს გადააჭარბებს.

სომხეთში Covid-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა პირველ მარტს დადასტურდა. აპრილის დასაწყისში ახალი შემთხვევების რიცხვმა გარკვეულწილად კლება დაიწყო, თუმცა აპრილის შუა რიცხვებიდან კვლავ დაიწყო ზრდა.

ტესტირებისა და მკურნალობის კრიზისი სომხეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი