ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ტესტირებისა და მკურნალობის კრიზისი სომხეთში

11 ივნისი, 2020 • 1040
ტესტირებისა და მკურნალობის კრიზისი სომხეთში

ავტორი: ანალიტიკოსი ჰრანტ მიაკელიანი, ერევანი


სომხეთში, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობამ 14 ათასს გადააჭარბა, სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, სომხეთში აქტიური შემთხვევები დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია, მაშინ როდესაც საქართველოსა და აზერბაიჯანში პაციენტების უფრო დიდი ნაწილი გამოჯანმრთელდა. 

სომხეთში აქტიური შემთხვევები 8953-ია, აზერბაიჯანში – 3708, საქართველოში კი, მხოლოდ 121. ოთხიდან სამი პაციენტი სამხრეთ კავკასიაში სომხეთზე მოდის.

თუმცა ამით ყველაფერი არ მთავრდება – სომხეთში ბოლო დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ამასთან, სომხეთის დაავადებათა ეროვნული ცენტრი ყველა საეჭვო პაციენტის ტესტირებას ვეღარ უმკლავდება.

მაგალითად, 6 ივნისს სომხეთში 2497 ტესტი იყო ჩატარებული, რომელთაგან 766 დადებითი აღმოჩნდა. მსგავსი თანაფარდობა [ჩატარებული ტესტების დაახლოებით მესამედი] ქვეყანაში უკვე საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფიქსირდება. 

 ინფიცირებულთა რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში 2020 წლის პირველი აპრილიდან

ყოველივე ეს აჩენს კითხვას, თუ რამდენად შესწევს უნარი სომხეთის ჯანდაცვის სისტემას, კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობას გაუმკლავდეს. ამასთან, კითხვა კიდევ უფრო ლეგიტიმურობას იძენს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ინფიცირებულა რეალური რაოდენობა კიდევ უფრო მეტი შეიძლება იყოს. შესაბამისად, თუ რეალურად, ორი ჩატარებული ტესტიდან სომხეთში ერთი დადებითია, საქართველოში ეს თანაფარდობა 1/100-ზეა. 

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა ჯერ კიდევ 19 მაისს განაცხადა, რომ უსპიმტომო პაციენტებს, ასევე მათ, ვისაც მსუბუქი სიმპტომები აქვთ [მათ შორის პნევმონია მსუბუქი ფორმით], საავადმყოფოები ვეღარ მიიღებენ და საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციას პოლიკლინიკის ექიმები გაუწევენ. ამასთან, მათ, ვისაც სიმპტომები არ აქვთ გამოკვეთილი, ტესტირებას არ ჩაუტარებენ, რადგანაც ისინი [ტესტები] არ არის ყველასთვის სამყოფი და ლაბორატორიებიც მოკლებული არიან შესაძლებლობას, დღეში 2000-ზე მეტი ადამიანი გამოიკვლიონ. 

საქართველოში სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი იმ არადიპლომატიური გამონათქვამის შემდეგ გახდა პოპულარული, როდესაც სომხეთის ჯანდაცვის სისტემას კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემაზე უკეთესი უწოდა. მოგვიანებით კი მის ნაცვლად  მისი კოლეგები იხდიდნენ ბოდიშს საქართველოს წინაშე. სომხეთში ყველას კარგად ესმის, რომ ტოროსიანი არ იყო მართალი: ცხადია, რომ საქართველო ეპიდემიას გაუმკლავდა და სომხეთი – ვერ. ამასთან, სომხეთი სწორედ პოლიტიკური ხელმძღვანელობის არაეფექტურობის  მიზეზით ვერ გაუმკლავდა  ეპიდემიას და არა ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობის, რომელიც იძულებული გახდა, არაეფექტურად ორგანიზებული საკარანტინო ზომების გამო პაციენტების დიდი ნაკადი მიეღო.

რეალურად, ტოროსიანს არ სურდა ქართველი კოლეგების განაწყენება, – მხოლოდ ის მიზანი ჰქონდა, საკუთარი მოსახლეობის წინაშე თავი ემართლებინა. 

დავუბრუნდეთ სომხეთის ჯანდაცვის სისტემაში არსებულ მდგომარეობას. როდესაც შეზღუდვების დიდი ნაწილის ორ ეტაპად [4 და 18 მაისს] მოხსნასთან დაკავშირებით საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო, კლინიკებიდან პაციენტების მასობრივად გამოწერა დაიწყეს, მათ შორის მათი, ვინც არ იყო გამოჯანმრთელებული, თუმცა დადებითი პროგნოზები ჰქონდათ. 15-დან 21 მაისის ჩათვლით 1208 პაციენტი გამოწერეს. შედარებისთვის, 28 მაისიდან 3 ივნისამდე 7- ჯერ ნაკლები პაციენტი გამოწერეს. 

დარეგისტრირებული დაინფიცირებულების მაჩვენებელმა უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში დღეში 400-ს გადააჭარბა და 6 ივნისს პიკს მიაღწია 766 შემთხვევით. ეს თითქმის იგივე მაჩვენებელია, რაც საქართველოში მთელი პერიოდის განმავლობაში აქვს. მსგავსი მაჩვენებლით, დროის ერთ მონაკვეთში შემთხვევების ზრდამ, შეუძლებელია ჯანდაცვის სისტემას დიდი დატვირთვა არ შეუქმნას. 

31 მაისს სომხეთში, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 495 მძიმე პაციენტი ირიცხებოდა, რომელთა შორის 55 – უკიდურესად მძიმედ ფასდებოდა. მძიმე პაციენტების ეს რაოდენობა სომხეთის ჯანდაცვის სისტემისთვის, კერძოდ კორონავირუსის მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებებისთვის ზღვარია. 

6 ივნისს პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმაც აღიარა, რომ 200-მა ადამიანმა ვერ მიიღო დახმარება რეანიმაციაში ადგილების ნაკლებობის გამო. მისი თქმით, გარდაცვლილ პაციენტებს შორის სამი სწორედ იმის გამო ვერ გადაარჩინეს, რომ რეანიმაციაში ადგილები აღარ იყო. 

საერთო ჯამში,  პანდემიის განმავლობაში, 7 ივნისამდე, სომხეთში 285 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთაგან 211 დარეგისტრირებული იყო უშუალოდ კორონავირუსის მიზეზით. 72 კი, “კორონავირუსით გარდაცვლილი, თუმცა სხვა დაავადებების გართულებით”. 

პირველი ივნისიდან კი სისტემამ შეწყვიტა მიღება იმ პაციენტებისაც, ვისაც ჰოსპიტალიზაცია და ინტენსიური თერაპია სჭირდებოდა. ეს კი ჯანდაცვის სისტემის კოლაფსად უნდა შეფასდეს. 

ამჟამად სომხეთში კერძო კლინიკებისა და სხვა სახელმწიფო საავადმყოფოების პროცესში ჩასართავად სამუშაოები მიმდინარეობს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სავარაუდოდ, გაიზრდება იმ პაციენტების რიცხვი, რომელსაც სისტემა მოემსახურება.

შესაბამისად, ივნისის დასაწყისში ჯანდაცვის სისტემის მოკლევადიანი კრიზისი თვის ბოლოს შეიძლება დაიძლიოს. თუმცა ესეც მხოლოდ შესაძლო სცენარია.

ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელების შეკავება დაისახა მიზნად, რისთვისაც დაიწყო აქტიური პიარ-კამპანია პირბადეების სავალდებულო ტარებასა და სოციალური დისტანცირებაზე. 

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ ინფიცირებულების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, თუმცა ბოლო დღეებში ეს ზრდა შენელდა, რასაც შეიძლება შემდეგი ფაქტორები უწყობდეს ხელს: 

  • ტემპერატურის ზრდა და მზის გამოსხივების ინტენსიურობა, რომელიც არ აჩერებს, თუმცა ამცირებს ვირუსის გავრცელებას. 
  • ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის ინფორმირება პირბადეების აქტიურ გამოყენებაზე, სოციალური ქსელებით იმ ადამიანების გასაჯაროება, ვინც არ ატარებს ნიღაბს. შესაბამისად, დღეს სომხეთში ნიღბებს უკვე აქტიურად ატარებენ და სოციალურ დისტანცირებასაც ცდილობენ.
  • მოსახლეობამ უფრო მეტად გააცნობიერა საფრთხე, ვინაიდან ახლა უკვე ყველას ჰყავს კორონავირუსით ინფიცირებული ნაცნობი და ზოგ შემთხვევეაში, გარდაცვლილი ნაცნობიც.
  • საკარანტინო ზომები –  ზოგიერთი ქალაქისა და სოფლის ჩაკეტვა, ასევე იმ საწარმოების დახურვა, სადაც ვირუსი “აფეთქდა”.
  • საგანმანათლებლო დაწესებულებულები კვლავ დაკეტილია.

ამგვარად, სომხეთი ადაპტირდება მაღალ ეპიდემიურ დონესთან და ცდილობს მეორე ტალღა კარანტინის გამოცხადების გარეშე შეაჩეროს. ხელისუფლების შეფასებით, კარანტინის ხელახლა გამოცხადება ნამდვილად დამანგრეველი იქნება ეკონომიკისთვის.

თუმცა, იქნება კი შესაძლებელი მხოლოდ მსგავსი ზომებითა და ეკონომიკის გაჩერების გარეშე “აფეთქების” თავიდან აცილება?  ამ საკითხს არ აქვს ცალსახა პასუხი.

ისიც აშკარაა, რომ სოციალურ დისტანცირება რეალურად ეხმარება კარანტინის გამოცხადების გარეშეც მეორე ტალღის შეჩერებას, თუმცა ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში. 

არავინ იცის, ზუსტად რამდენი ინფიცირებულია დღეს სომხეთში. პრემიერ-მინისტრმა ივარაუდა, რომ ამ რიცხვმა უკვე 100 ათასს მიაღწია, თუმცა, უფრო რეალური გათვლებით, 75 ათასზე მეტი ინფიცირებული დღეს სომხეთში არ უნდა იყოს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი