ახალი ამბები

ენმ-ს თავისი ამოცანები აქვს, ორპოლუსიანობა პრობლემაა – გეგელია ერთიან სიაზე

13 ივნისი, 2020 • 1547
ენმ-ს თავისი ამოცანები აქვს, ორპოლუსიანობა პრობლემაა – გეგელია ერთიან სიაზე

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, ოპოზიციური ჯგუფები 2020 წლის არჩევნებისთვის საერთო პროპორციულ საარჩევნო სიაზე შეთანხმდნენ, ორპოლუსიანობის შენარჩუნების კონტექსტში განიხილავს.

მიხეილ სააკაშვილმა 13 ივნისს განაცხადა, რომ მიაჩნია, ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთიან საარჩევნო სიაში უნდა გაერთიანდეს, სადაც ადგილები პარტიების რეიტინგების მიხედვით გადანაწილდება.

ამ ინიციატივაზე პასუხად პარტიის, „ლელო საქართველოსთვის“, ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა:

„ნაციონალურ მოძრაობას თავისი დღის წესრიგი და ამოცანები აქვს, ჩვენ კი ჩვენი. სააკაშვილი თვლის, რომ ორპოლუსიანობა არის საშველი და გამოსავალი. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ორპოლუსიანობა თავადაა პრობლემა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოჯადოებულ წრეზე დაატარებს“.

„ლელო შეიქმნა ორპოლუსიანობის დასამარცხებლად. ჩვენი მიზანია ეს მოჯადოებული წრე ერთხელ და სამუდამოდ გაირღვეს და ქართული პოლიტიკა შინაარსობრივად განახლდეს“, – განაცხადა მან. მის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.


ამ ინიციატივას გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე და თქვა:

„რეალობა საქართველოში არ არის დღეს ისეთი, რომ არის ორი პოლუსი მხოლოდ — ივანიშვილი და სააკაშვილი… ამ ეტაპზე ერთიანობისთვის ყველაზე სწორი გზავნილი და ნაბიჯი არის და იქნება მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანხმება ჯერ თბილისში და შემდეგ სხვაგან. ამიტომ ჩვენ ამაზე ვაპირებთ კონცენტრირებას და სხვა იდეის არ განხილავთ“.

ნახეთ ასევე:

საერთო მაჟორიტარები და “ლელოს” დილემა

მასალების გადაბეჭდვის წესი