ახალი ამბები

გავაერთიანოთ ყველა ოპოზიციური ჯგუფი საერთო სიაში – სააკაშვილი არჩევნებზე

13 ივნისი, 2020 • 1143
გავაერთიანოთ ყველა ოპოზიციური ჯგუფი საერთო სიაში – სააკაშვილი არჩევნებზე

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მიაჩნია, ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთიან საარჩევნო სიაში უნდა გაერთიანდეს, სადაც ადგილები პარტიების რეიტინგების მიხედვით გადანაწილდება.

ფეისბუკზე ვიდეომიმართვაში სააკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციური სპექტრის გამოწვევა ძალიან დიდია, ბიძინა ივანიშვილი „თავისით არაფერს არ დათმობს“ და ამიტომ მიესალმება ოპოზიციის მაკოორდინირებელ ნაბიჯებს.

„მივესალმები იმ ნაბიჯებს, რომელიც გადაიდგა მაჟორიტარობის კოორდინაციის კუთხით. მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ახლა არის სიტუაცია, როდესაც ყველამ უნდა გადავდოთ ამბიციები გვერდზე და გავაერთიანოთ ყველა ოპოზიციური ჯგუფი ერთიან სიაში. ეს არის ერთიანობის ყველაზე ზუსტი და სწორი ფორმა“, – აცხადებს სააკაშვილი.

„გავერთიანდეთ. გავაკეთოთ ერთიანი დიდი სია. ადგილები გადანაწილდეს… ეს ჩემთვის სულერთია, მაგრამ ალბათ, პარტიების რეიტინგებით და მხარდაჭერის მიხედვით — ეს ადვილი დასადგენია — და შემდეგ ერთიანი ფრონტით შევუტიოთ ივანიშვილს“, – ამბობს იგი.

„მზად ვარ, განვიხილო ყველანაირი წინადადებები ამ მიმართულებით და იმედია, დისკუსია გაიხსნება და რაღაც შედეგებამდე აუცილებლად მივალთ”, – თქვა სააკაშვილმა.


რამდენიმე დღის წინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ში საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეომიმართვაში ის ამბობს, რომ “არ აპირებს მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებას” და “ქართული ოცნების” ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე იქნება.

განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან საქართველოს საშინაო საქმეებში და საარჩევნო პროცესში ჩარევად შეაფასა და უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი განმარტებებისთვის დაიბარა.

შეხვედრის შემდეგ იგორ დოლგოვმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ოფიციალური პირი უკრაინაში, ის არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ „არის ქართველი და არასოდეს შეწყვეტს ქართველობას“.

რატომ არ დაინიშნა სააკაშვილი ვიცე-პრემიერად — ზელენსკის განმარტება

მასალების გადაბეჭდვის წესი