ახალი ამბები

შევისწავლით ტყიბულის ინციდენტს, მივიღებთ ზომებს – ზედამხედველობის სააგენტო

10 ივნისი, 2020 • 852
შევისწავლით ტყიბულის ინციდენტს, მივიღებთ ზომებს – ზედამხედველობის სააგენტო

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს, აცხადებს, რომ ტყიბულში, მინდელის შახტში გუშინ მომხდარ ინციდენტს შეისწავლის.

„ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტექნიკური ინციდენტის შედეგად, რომელიც შახტის ერთ-ერთი ლიფტის ავარიულ გამორთვას უკავშირდება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი გაემგზავრა ტყიბულში ადგილზე ვითარების შესასწავლად.

სააგენტოს სპეციალისტები უახლოესი დღეების განმავლობაში შეისწავლიან ავარიის წარმოშობის მიზეზებსა და გარემოებებს, რომლის შედეგადაც მომზადდება დასკვნა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები იქნება გატარებული“, – წერია სააგენტოს მიერ 10 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც „ნეტგაზეთს“ პროფკავშირების გაერთიანების (GTUC) თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ დოლაბერიძემ უთხრა, 9 ივნისს მინდელის შახტში საწარმოო შემთხვევა მოხდა, კონკრეტულად კი გაფუჭდა ლიფტი, რომელსაც შახტში მუშები ჩაჰყავს. როგორც ერთ-ერთი დასაქმებული, ირაკლი ჩიხლაძე ამბობს, შემთხვევისას მოყოლილი 23 ადამიანი „სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა“.

10 ივნისს მეშახტეებმა ტყიბულში მორიგი აქცია გამართეს და სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ნორმების დაცულობა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

ტყიბულელი მეშახტეები არაერთი თვეა, უჩივიან, როგორც ამბობენ, უცვლელ, გაუსაძლის, საფრთხის შემცველ შრომით პირობებს და  უარს აცხადებენ შახტში მუშაობაზე, სანამ უსაფრთხოების ზომები არ იქნება მიღებული.

ნახეთ ასევე:

ტყიბულში მეშახტეებმა აქცია გამართეს

მოკლედ: რა ხდება ტყიბულში და რას ითხოვენ მეშახტეები

მასალების გადაბეჭდვის წესი