ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქოში აქტივისტი დააკავეს პოლიციის ძალის გამოყენებაზე პროტესტის შემდეგ

10 ივნისი, 2020 • 1115
ბაქოში აქტივისტი დააკავეს პოლიციის ძალის გამოყენებაზე პროტესტის შემდეგ

9 ივნისს ბაქოში პოლიციამ დააკავა აქტივისტი ქიას იბრაჰიმი (იბრაჰიმოვი), რომელიც ეპიდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში აზერბაიჯანული პოლიციის მიერ ძალის გამოყენებას აპროტესტებდა.

იბრაჰიმი თანამოაზრეებთან ერთად კორპუსის სახურავზე იყო ასული და ფეისბუკზე პირდაპირ ეთერში საუბრობდა პოლიციის მიერ ძალის გამოყენების შესახებ. ცოტა ხანში იქ პოლიციელები მივიდნენ და დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო იქვე მყოფმა სხვა აქტივისტებმა გაავრცელეს:

იბრაჰიმი მალევე, 10 ივნისის დილას გამოუშვეს, თუმცა, როგორც ფეისბუკზე დაწერა, სასამართლოშია დაბარებული.

ქიას იბრაჰიმი ცნობილი აქტივისტია, დამოუკიდებელი მოძრაობა N!DA-ს წევრი, რომელიც 2016 წელს ბაირამ მამადოვთან ერთად დააკავეს აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის (ილჰამ ალიევის მამის) ძეგლზე საპროტესტო ლოზუნგების დაწერის გამო.

მას 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა 2019 წლის მარტში ალიევმა შეიწყალა სხვა პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეულ პირებთან ერთად.

„სანამ ყველა პოლიტიკური და სინდისის პატიმარი არ დატოვებს ციხეს, ბრძოლა გრძელდება“, — განაცხადა იბრაჰიმმა ციხიდან გამოსვლისთანავე.


აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მოქალაქის მიერ Covid-19-ის ეპიდემიის წინააღმდეგ დაწესებული საკარანტინე წესების დარღვევის შემდეგ სპეცრაზმმა რამდენიმე ადამიანი დააკავა.

შემთხვევა 7 ივნისს მოხდა ბაქოს იასამალის რაიონში. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ კორპუსთან ათობით პოლიციელია მობილიზებული, მათ ნაწილს კი ბინიდან გამოჰყავს დაკავებული მოქალაქეები.

8 ივნისს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დააკავეს კიდევ 11 მოქალაქე, რომლებიც აღნიშნული პირის დაკავებისას „სხვადასხვა ობიექტს ესროდნენ სამართალდამცავებს“.


საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ბოლო წლების არაერთი პუბლიკაციის („თავისუფლება მსოფლიოში“) თანახმად, აზერბაიჯანი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე არათავისუფალ ქვეყნად რჩება ჩინეთთან ერთად.


კარანტინის წესების დარღვევა ბაქოში – სპეცრაზმმა რამდენიმე პირი დააკავა

მასალების გადაბეჭდვის წესი