ახალი ამბები

ვაქცინაციის მნიშვნელობაზე სასულიერო პირებისთვის ლექცია ჩატარდა

9 ივნისი, 2020 • 1812
ვაქცინაციის მნიშვნელობაზე სასულიერო პირებისთვის ლექცია ჩატარდა

რონდელის ფონდში ვაქცინაციის თემაზე სასულიერო პირებთან შეხვედრა გაიმართა.

ლექცია თემაზე “თანამედროვე სამყაროში ვაქცინაციის მნიშვნელობა და covid-19-ის ვაქცინის გარშემო არსებული მოლოდინები”  ექიმმა მაკა ლომიძემ ჩაატარა.

მაკა ლომიძე ამბობს, რომ შეხვედრის შეთავაზება რონდელის ფონდისგან მიიღო გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით სასულიერო პირებში აზრთა სხვადასხვაობა იყო და სურდათ, სასულიერო პირებისთვის ექიმს მიეწოდებინა ინფორმაცია ზოგადად ვაქცინებზე.

“ზოგადად, ვაქცინაციის წინააღმდეგი არცერთი ის სასულიერო პირი არ იყო, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა. უბრალოდ, კორონავირუსის სამომავლო ვაქცინასთან დაკავშირებით ჰქონდათ ინფორმაცია, რომ შეიძლება, სავალდებულო იყოს და კითხვები და ეჭვებიც ძირითადად ამას უკავშირდებოდა. მე მსგავსი ინფორმაცია არ გამიგია და ვაქცინის შექმნის შემდეგაც ძალიან საეჭვოა, საკმარისი დოზა იყოს იმისთვის, რომ ყველასთვის სავალდებულო გახადონ”, – უთხრა “ნეტგაზეთს” მაკა ლომიძემ.

რონდელის ფონდი, National Endowment for Democracy-ის მხარდაჭერით,  საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან პოლიტიკის საკითხებზე დისკუსიის ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს.

NED-ის მხარდაჭერით, იმყოფებოდნენ სასულიერო პირები ბრიუსელსა და ვაშინგტონშიც.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის ზოგიერთი წარმომადგენელი ბოლო პერიოდში კორონავირუსის ჯერ არშექმნილი ვაქცინის წინააღმდეგ გამოვიდა. ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ COVID-19-ის ვაქცინას “ეშმაკის ხელში ადამიანების კონტორლის იარაღი” უწოდა. კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა, რომ თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ყველა ადამიანს დააძალებენ, ეს „ეშმაკისეული მოქმედება იქნება“. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ გერასიმეს თქმით, აცრები და ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი.

მღვდელმთავარი ჯერ არშექმნილი ვაქცინის წინააღმდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი