ახალი ამბები

საპატრიარქოს დელეგაციამ ნატოს შტაბბინასა და EPP-ში შეხვედრები გამართა

19 ნოემბერი, 2019 • 1284
საპატრიარქოს დელეგაციამ ნატოს შტაბბინასა და EPP-ში შეხვედრები გამართა

საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაცია ბრიუსელს სტუმრობს, სადაც შეხვედრები გამართეს როგორც ნატოს შტაბბინაში, ისე ევროპის სახალხო პარტიაში (EPP).

როგორც საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, დელეგაცია 18 ნოემბერს შეხვდა ჯეიმს აპატურაის – კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს.

“შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ევროატლანტიკური ალიანსის მნიშვნელობაზე, საქართველოს ნატოში გაწევრების გეგმებზე, გამოწვევებზე, თანხვედრ სირთულეებსა და მართლმადიდებელი ეკლესიის ჩართულობაზე აღნიშნულ პროცესში.

საუბრისას აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, გაერთიანება იმ მთავარი კულტურულ-რელიგიური ღირებულებების გარშემო, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყანა. თავის მხრივ, ბატონმა აპატურაიმ სრული მხარდაჭერა და მხარში დგომა აღუთქვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს და ბრძანა” “როდესაც ვამბობთ, რომ მხარში ვუდგავართ საქართველოს, ვდგავართ სწორედ იმ ღირებულებების მხარდამხარ, რომლებიც თქვენი ერის მთავარ ღირებულებებს წარმოადგენს”, – აცხადებს საპატრიარქო.

საპატრიარქოსვე ცნობით, ამავე დღეს ვიზიტის მონაწილეები ევროპის სახალხო პარტიის (epp) ოფისში შეხვდნენ ევროპის სახალხო პარტიის გენერალურ მდივანს, ანტონიო ლოპეზ-ისტურიზ ვაიტსა და ევროპის სახალხო პარტიის საგარეო ურთიერთობათა მდივანს, პატრიკ ვოლერს.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ამჟამად ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ამასთან, მასპინძლებმა, შესაძლებლობის ფარგლებში, სრული მხადრაჭერა აღუთქვეს ქართულ მხარეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად.

“ასევე აღინიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეკლესიის მხრიდან საზოგადოებასთან ღია ურთიერთობა და ამ მიმართულებით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის აქტიური მუშაობა”, – აცხადებს საპატრიარქო.

საპატრიარქოს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში 17 ნოემბერს დაიწყო. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოზი (ბოგვერაძე), საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და სხვა სასულიერო პირები. ვიზიტი ხორციელდება რონდელის ფონდის მხარდაჭერით და მასში მონაწილეობენ საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი