ნეტგაზეთი | დიახ, ვიქნები… შემოდგომაზე დავითვალოთ [წიწილები] — გახარია არჩევნების დროს პრემიერობაზე დიახ, ვიქნები… შემოდგომაზე დავითვალოთ [წიწილები] — გახარია არჩევნების დროს პრემიერობაზე – Netgazeti

დიახ, ვიქნები… შემოდგომაზე დავითვალოთ [წიწილები] — გახარია არჩევნების დროს პრემიერობაზე

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 20 ივნისამდე პრემიერ-მინისტრის პოსტს დატოვებს, ხოლო შემოდგომაზე, არჩევნების დროს, პრემიერობის შესახებ ლაპარაკისას თავდაპირველად განაცხადა, რომ მთავრობის მეთაური კვლავ იქნებოდა, თუმცა შემდეგ დააზუსტა, რომ არჩევნები შემოდგომაზეა და „შემოდგომაზე დავითვალოთ“.

ამის შესახებ გახარიამ დღეს, 5 ივნისს ისაუბრა.

სრული დიალოგი ასეთია:

ჟურნალისტი: მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა დატოვოთ თანამდებობა. რომ გვითხრათ, გავრილოვის ღამის ერთი წლისთავზე, 20 ივნისს, იქნებით თუ არა ისევ პრემიერის რანგში?

გახარია: დიახ, ვიქნები. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიერ და რა მიზნით არის ეს [ინფორმაცია] გავრცელებული. მინდა მადლობა გითხრათ, იმუნიტეტი რომ შემძინეთ, არანაირი რეაქცია ამაზე აღარ მაქვს, იმდენჯერ იყო ეს შეკითხვა დასმული. საბოლოო ჯამში, კონცეპტუალურად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პერსონალურად ჩემთვის, სად ვიქნები. რეალურად, მთავრობაში ვიქნები, მთავრობის ხელმძღვანელი ვიქნები, ფერმერი, ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ.

უაღრესად მნიშვნელოვანია და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმისადამი, რასაც ვაკეთებ და საიდანაც ვაკეთებ, ამიტომ ისევ გპასუხობთ, რომ 20 ივნისს ისევ პრემიერი ვიქნები.

ჟურნალისტი: არჩევნების დროს სად იქნებით? მძიმე არჩევნები გველოდება, არჩევნებზე იქნებით მთავრობის მეთაური?

გახარია: დიახ, ვიქნები. [მცირე პაუზა] არჩევნები ხომ შემოდგომაზეა? ერთხელ ხომ გითხარით უკვე, შემოდგომაზე დავითვალოთ-მეთქი [წიწილები].


აქამდე, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია 20 ივნისამდე — რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დარბევის წლისთავამდე, პრემიერ-მინისტრის პოსტს დატოვებდა. მაშინ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ გახარიას გადადგომის ცნობას არ ადასტურებდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნიკა ბურდული – ნეტგაზეთის რეპორტიორი 2019 წლის დეკემბრიდან. E-mail: burrrduli@gmail.com