ახალი ამბები

მთავრობაში გახარიას გადადგომის ცნობას უარყოფენ

3 ივნისი, 2020 • 1756
მთავრობაში გახარიას გადადგომის ცნობას უარყოფენ

ტელეკომპანია “მთავარი არხის” ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პოსტს ტოვებს. აღნიშნულს მთავრობის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ.

ტელეკომპანიის თანახმად, გადადგომა გახარიას მოსთხოვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, პირველ ივნისს გამართულ შეხვედრაზე, რაზეც მისგან უარი მიიღო.

“ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება, რომ გიორგი გახარია 20 ივნისს, გავრილოვის ღამის ერთი წლისთავზე, პრემიერი აღარ იქნება, საბოლოოდ მიღებულია”, – წერს ტელეარხი.

ტელეკომპანიის ცნობით, გახარია უახლოეს ხანებში დატოვებს პოსტს.

“ნეტგაზეთი” ინფორმაციის გადასამოწმებლად მთავრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ პრემიერს “ჩვეულებრივი სამუშაო დღე აქვს”.

“პრემიერ-მინისტრი იმყოფება სამსახურში და აქვს სამუშაო დღე, მართავს სამუშაო შეხვედრას ისევე, როგორც სხვა დანარჩენ დღეებში”, – აღნიშნეს უწყებაში და არ დაადასტურეს, რომ გახარია თანამდებობის დატოვებას გეგმავს.

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად გასული წლის სექტემბერში დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი