ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ღია წერილს ავრცელებენ, სადაც სომხეთის მოქალაქეებს სოლიდარობას უცხადებენ და მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს სომხეთის მოქალაქეებს.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხრიდან მხარდაჭერის მზადყოფნა გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა საჯარო განცხადებაში დაადასტურა. არსებითია, ეს დახმარება დროულად და სომხეთის საჭიროებების მიხედვით სათანადოდ განხორციელდეს.
ჩვენი რწმენით, კორონავირუსით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური კრიზისი დაძლევადი მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობის პირობებში შეიძლება გახდეს და მნიშვნელოვანია ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენი რესურსების ფარგლებში, სოლიდარობის ამგვარი პოზიტიური პრაქტიკა შექმნას“ ,- წერია წერილში.
ორგანიზაციები ამბობენ, რომ ბოლო დღეებში ყოველდღიურად ფიქსირდება კორონავირუსის რამდენიმე ასეული შემთხევვა. პარალელურად კი, სომხეთის ხელისუფლება სამედიცინო აღჭურვილობის ნაკლებობასა და ჯანდაცვის სისტემის გადატვირთულობაზე საუბრობს.
„ამის პარალელურად, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა წარმატებით ახერხებს როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობის კონტროლს, ისე ინფიცირებულთა ეფექტურ მკურნალობას. ჯანდაცვის მინისტრისა და სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენელთა განცხადებები საქართველოში არსებულ მარაგებსა და სამედიცინო რესურსებზე გვაფიქრებინებს, რომ ფართომასშტაბიანი რისკების თავიდან აცილების დათქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემას სომხეთისთვის ხელშესახები დახმარების გაწევა შეუძლია.
პანდემიური ვითარების შესამსუბუქებლად და მასშტაბური სიკვდილიანობის თავიდან ასაცილებლად საერთაშორისო სოლიდარობა და თანამშრომლობა აუცილებელი წინაპირობაა. მიმდინარე ეპიდემია სამომავლოდ იმ ქვეყნებშიც გაზრდის დაავადებების ახალი ტალღების გაჩენის რისკს, სადაც ამ დროისთვის COVID-19-ის კონტროლი ეფექტურად მიმდინარეობს“, – ამბობენ ორგანიზაციები.
არასამთავრობოების შეფასებით, პანდემიასთან დაკავშირებული სოციალური და ეკონომიკური კრიზისი საერთაშორისო ურთიერთობებს დამატებითი წნეხის ქვეშ აყენებს და სამწუხაროა, რომ რიგ შემთხვევებში, არსებულ ვითარებას იზოლაციონისტური და ავტორიტარული რიტორიკის გაძლიერება მოჰყვა.
“ამ ტალღის დასაპირისპირებლად, მნიშვნელოვანია კრიზისის დაძლევისკენ მიმართული ურთიერთთანამშრომლობისა და სოლიდარობის ახალი სტრატეგიისა და პრაქტიკის შექმნა.
ამ რთულ ვითარებაში მხარდაჭერის აღმოჩენა ჩვენი მეზობელი ხალხისთვის და ქვეყნებისთვის სომხეთთან კეთილმეზობლობის დადასტურება, ქვეყნებსა და მოქალაქეებს შორის მეგობრობაზე და სოლიდარობაზე დაფუძნებული თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
ამასთან, საზოგადოებრივი ორგანიზაციები გამოვხატავთ მზადყოფნას, ჩვენი მანდატისა და რესურსების ფარგლებში, აღმოვუჩინოთ საჭირო მხარდაჭერა ჩვენს კოლეგებს”, – აცხადებენ არასამთვრობოები.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- ღია საზოგადოების ფონდი საქართველოში (OSGF)
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
- ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
- თანასწორობის მოძრაობა
- კავშირი საფარი
- პლატფორმა სალამი (Salam)