ახალი ამბები

ტიკარაძე: ქვეყანაში 256 ინფექციონისტი გვყავს, მათ მხოლოდ 853 პაციენტის მოვლა შეუძლიათ

15 აპრილი, 2020 • 3263
ტიკარაძე: ქვეყანაში 256 ინფექციონისტი გვყავს, მათ მხოლოდ 853 პაციენტის მოვლა შეუძლიათ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ტელეკომპანია “იმედთან” აცხადებს, რომ ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მთავარი გამოწვევა სამედიცინო პერსონალის მცირე რაოდენობაა.

მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურისგან განსხვავებით, პერსონალის სიმცირეს ვერ შველის თანხების მობილიზება, მათ მომზადებას წლები სჭირდება, რის გამოც ამ მიმართულებას ხარვეზულად აფასებს:

“მნიშვნელოვანია, საუბარი დავიწყოთ არა ინფრასტრუქტურის მზაობიდან, არამედ პერსონალის მზაობიდან. ინფრასტრუქტურას აქვს უნიკალური თვისება, გარკვეული თანხების ოპტიმიზაციით და შემდეგ მათი სწორი დახარჯვით უმოკლეს ვადაში შეიძლება საავადმყოფოების გამართვა.  გარდა ამისა, საქართველოში გვაქვს დიდი საწოლფონდი, რომელიც ჩვენი პოპულაციისთვის 2-3-ჯერ მეტია.

არასდროს ვსვამდით კითხვას, თუ რატომ ვთვლიდით, რომ ეს იყო ბევრი – სწორედ აქაა ძირეული კითხვა, რაც ყველაზე დიდი რისკის მატარებელია, ეს არის ჩვენი პერსონალის რაოდენობა. აქ საუბარი არ არის მათ კვალიფიკაციაზე, მხოლოდ რიცხვებზე. აქ გვაქვს სწორედ ის დიდი ხარვეზი, როელიც მოცემულობა და ფაქტია, რასაც ვერანაირი თანხების ოპტიმიზაციით ვერ შევძლებთ, რადგან ამას სჭირდება წლები”, – ამბობს მინისტრი.

ტიკარაძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ამჟამად 488 რეანიმატოლოგი მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ყოველდღირუად 1 200 პაციენტის მოვლა შეუძლიათ, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მათი ზრუნვა მხოლოდ COVID-19-ის მქონე პაციენტებს არ სჭირდებათ:

“488 რენიმატოლოგი გვყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დავიცავდით რომელიმე ევროპის ქვეყნის სტანდარტს, მივიღებდით, რომ მათ თავიანთი ადამიანური რესურსი შეუძლიათ გადაანაწილონ მხოლოდ 1200 საწოლზე, რაც ნიშნავს, რომ დღიურ რეჟიმში მოუარონ ამდენ პაციენტს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გარდა COVID-19-სა, ჩვენ ვართ ადამიანები და გვაქვს სხვა დაავადებები, რომელსაც ასევე ესაჭიროება ამ პროფილის ექიმების ჩართულობა”, – ამბობს ტიკარაძე.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციონისტებს, ტიკარაძის თქმით, საქართველოში 256 ინფექციონისტია რეგისტრირებული, რომლებსაც მხოლოდ 853 პაციენტის მოვლა შეუძლიათ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თუ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტთა დიდი რიცხვი მოხვდებოდა, ქვეყანა ისეთივე სურათს მიიღებდა, როგორიც იტალიასა და ჩინეთში მიიღეს:

“როცა ამ რიცხვებს აანალიზებ, მაშინ ხვდები, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, გადადგა ძალიან მკაცრი ნაბიჯები, მიიღო საკმაოდ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში იმსახურებს კრიტიკას და იყო ძალიან ფრთხილი.

სწორედ ესაა მამოტივირებელი და ბიძგი იმისა, თუ რატომ დავიწყეთ ასე ადრე თამამი ნაბიჯების გადადგმა, რაც ნიშნავს ფრენების შეწყვეტას, სკოლების დახურვას და ა.შ. ჩვენ თვიდანვე ვიცოდით, რომ ჯანდაცვის სისტემაში თუ მოხვდებოდა პაციენტების დიდი რიცხვი, ნამდვილად მივიღებდით ჩინეთის და იტალიის მსგავს სურათს” ,- თქვა ტიკარაძემ.

15 აპრილის 11 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 306 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 69 გამოჯანმრთელდა, 3 დაიღუპა, დანარჩენები კი აგრძელებენ მკურნალობას.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

სასუნთქი აპარატების რა მარაგი აქვს ქვეყანას

მასალების გადაბეჭდვის წესი