ახალი ამბები

ენმ მაჟორიტარებს სამგორსა და გლდანში წარადგენს, თბილისის 6 ოლქს ოპოზიციას უთმობს

4 ივნისი, 2020 • 1299
ენმ მაჟორიტარებს სამგორსა და გლდანში წარადგენს, თბილისის 6 ოლქს ოპოზიციას უთმობს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, იმისათვის, რომ 2020 წლის არჩევნებზე ოპოზიციის ერთობასთან დაკავშირებით სპეკულაციები დასრულდეს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მზადაა, თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან საკუთარი კანდიდატი მხოლოდ ორში, გლდანსა და სამგორში წარადგინოს, 6 ოლქი კი სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს დაუთმოს:

“უკანასკნელი დღეების გნამავლობაში თვალყურს ვადევნებთ პერიპეტიებს მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით. ვნებათაღელვა მატულობს და ხშირად, საკმაოდ უადგილოდ. ამოღებულია მიზანში ენმ, როგორც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია, იმდენად, რამდენადაც რამდენიმე სუბიექტმა ჩათვალა, ჩვენ ვართ ხელშემშლელი ფაქტორი საერთო კანდიდატებზე შეთანხმების მიღწევაში.

ამის საფუძველი არ არსბეობდა პირველივე ეტაპზე. ენმ ერთგული რჩება ერთობის მიმართ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ რომ დავხუროთ და გადავერთოთ ხალხის პრობლემების მოგვარებაზე და ოლიგარქიული წესწყობილების დამარცხებაზე, მინდა განვაცხადო, ენმ, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, თმობს თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 მაჟორიტარულ ოლქს. ამით ჩვენ ვდემონსტრირებთ, რომ ენმ არ გამოდის ვიწროპარტიული ინტერესიდან და არ იბრძვის საკუთარი პარტიული რეზულტატის გაუმჯობესებისთვის.

ხვალინდელი დღიდან ენმ საარჩევნო კამპანიას იწყვებს გლდანსა და სამგორში გამარჯვებისთვის, გზას უხსნის ყველა მომცრო პარტიას, მოხდეს სრული შეთანხმება და წარმოდგენილები ვიყოთ ამ ოლქებში ყვლა ძლიერი კანდიდატით და სხვადასხვა ოპოზიციური განწყობის მატარებელი ამომრჩეველი იქნას გაკმაყოფილებული”, – ამბობს ნიკა მელია.

მისი თქმით, რეგიონებში ასევე აქტიური საარჩევნო კამპანია უნდა დაიწყოს და დაიხუროს  უსაგნო პოლემიკა ოპოზიციურ პარტიებს შორის. მელიას განცხადებით, ენმ რეგიონებშიც იწყებს საარჩევნო კამპანიას და განიხილავს შესაძლებლობას ოპოზიციურ პარტიებთან ერთად იმ შემთხვევაში, თუ ხალხი დარწმუნდება, რომ ოპოზიცია ძლიერ კანდიდატებს წარადგენს:

“რეგიონებში ენმ ასევე იწყებს საარჩევნო კამპანიას და განვიხილავთ ჩვენს კონკურენტ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, იცით, რა შემთხვევაში? როდესაც ყველანი დავარწმუნებთ ქართველ ხალხს, რომ იქნება ძლიერი კანდიდატი წარმოდგენილი მათი მხრიდან. ასეთ შემთხვევაშიც მზად ვართ გამოვიჩინოთ ეროვნული ინტერესი” ,- ამბობს ნიკა მელია.

შესწორება: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მაჟორიტარობის კანდიდარების წარდგენას ისანსა და სამგორში გეგმავდა, მოგვიანებით “ნეტგაზეთს” პარტიიდან დაუკავშირდნენ, და უთხრეს, რომ კანდიდატების წარდგენას გლდანსა და სამგორში გეგმავდნენ, რის შემდეგაც სტატია შესწორდა.

ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე უნდა შეთანხმდეს – ლეიბორისტები და ევროპული საქართველო

მასალების გადაბეჭდვის წესი