ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის საერთო კანდიდატებზე შეთანხმების მისაღწევად „ყველაფერი გაკეთდება“. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
„რა თქმა უნდა, დარჩენილი 30 მაჟორიტარული ოლქი ოპოზიციის განსაკუთრებულ ყურადღებასა და ერთიანობას მოითხოვს. არაა დასამალი, რომ ხშირად ერთ პარტიაში ჭირს სიების შედგენა და კანდიდატების შერჩევა, აღარაა საუბარი 30-40 პოლიტიკურ პარტიაზე, საიდანაც უმრავლესობას ინტერესები აქვს, მათ შორის, მაჟორიტარულ ოლქებზე. პოლიტიკა არის კომპრომისების ხელოვნება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აბსოლოტურად უმრავლეს ოლქებში შევარჩიოთ საერთო კანდიდატები, რაც ოლიგარქიული რეჟიმის გარანტირებული დამარცხებაა. მიხარია, რომ ჩემი პოლიტიკური კოლეგები ამას აცნობიერებენ“, — აღნიშნა ნათელაშვილმა.
„თუ მხარდაჭერაზეა საუბარი, უნდა გავაკეთოთ ეს პირველ ტურში, სადაც გარანტირებულად წააგებს მხარდაჭერილ კანდიდატთან ოლიგარქი“, — განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ლეიბორისტები მზად არიან, პირველ ტურში ყველა შეთანხმებულ კანდიდატს დაუჭირონ მხარი.
მისივე თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლება ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმების ნაწილია.
მოგვიანებით ნათელაშვილს უპასუხა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ და განაცხადა, რომ მისი პარტია მზადაა, უახლოეს დღეებში სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საერთო კანდიდატებზე შეთანხმდნენ.
„მინდა გამოვეხმაურო შალვა ნათელაშვილის დღევანდელ ინიციატივას ოპოზიციური პარტიების შეკრების და საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმების შესახებ. მინდა ცალსახად დავაფიქსირო „ევროპული საქართველოს“ პოზიცია — მიგვაჩნია, რომ საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება დიდ ნაწილში, პირველ რიგში, თბილისში, არის პირველი ნაწილი ოპოზიციის გამარჯვებისთვის მომავალ არჩევნებში. ამიტომ მხარს ვუჭერთ და მზად ვართ კონსულტაციებისთვის, ოღონდ არა ზოგადი კონსულტაციებისთვის. კონკრეტულად შევთანმხდეთ უახლოეს დღეებში, ვინ იქნებიან ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატები პირველ ეტაპზე თბილისში და შემდეგ გაგრძელდეს საუბარი თბილისის გარეთაც. ჩვენ ამის მზადყოფნას ვადასტურებთ.
საზოგადოებამ მოისმინა საუბარი, რომ მათ შორის ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისთვის მეორე ტურში თანამშრომლობაა საკმარისი. მიგვაჩნია, რომ ოპოზიცია უნდა იყოს ძალიან მკაფიო ამ საკითხში და ნებისმიერი განსხვავებულობა ზრდის ხელისუფლების შანსებს. აუცილებელია შეთანხმება კონკრეტულ კანდიდატებზე“, — აღნიშნა ბაქრაძემ.