ახალი ამბები

“ვფიქრობ, რეგლამენტი ითხოვდა, რომ აქ ყოფილიყო” – ხუნდაძე ტიკარაძეზე

3 ივნისი, 2020 • 1224
“ვფიქრობ, რეგლამენტი ითხოვდა, რომ აქ ყოფილიყო” – ხუნდაძე ტიკარაძეზე

“ვფიქრობ, რეგლამენტი ითხოვდა, რომ აქ ყოფილიყო”, – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მისამართით გააკეთა.

გუშინ, 2 ივნისს, მიწერილ წერილში ეკატერინე ტიკარაძე დიმიტრი ხუნდაძეს სთხოვდა, საკომიტეტო მოსმენა ივნისის ბოლომდე გადაედო. ამ წერილის საფუძველზე ხუნდაძე ფიქრობს, რომ ის პარლამენტში რამდენიმე კვირაში მივა.

“ვადასტურებ, რომ კომიტეტმა მინისტრი მოიწვია, მაგრამ ეპიდვითარება იყო იმდაგვარი, რომ ამას ხელი ვერ შეეწყობოდა. ამდენად, ობიექტური მიზეზი იყო და ამას რეგლამენტთან აცდენას ნამდვილად ვერ დავუდებდი საფუძვლად. ახლა ისევ იყო მოთხოვნა დამოუკიდებელი დეპუტატების მხრიდან და პასუხად მოვიდა წერილი, სადაც მინისტრი ითხოვს, რომ თვის ბოლო კვირამდე გადაიდოს ეს საკითხები… რაც შეეხება სხვა საკითხებს, რეგლამენტის მიხედვით მას აქვს ვალდებულება, რომ ის მოვიდეს და მე წერილი მაძლევს იმის საფუძველს, რომ ის მოვა. თუმცა, მე ვფიქრობ, რეგლამენტი ითხოვდა, რომ ის ყოფილიყო აქ“,-ამბობს ხუნდაძე.

ჯანდაცვის მინისტრი კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა ლევან კობერიძემ დაიბარა. მან 18 მაისს დიმიტრი ხუნდაძეს მიმართა, რათა უზრუნველეყო ჯანდაცვის მინისტრის პარლამენტში მისვლა. ეკატერინე ტიკარაძეს ოთხ საკითხზე მოუწევდა დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემა. მათ შორისაა 520-ე დადგენილება,  Covid-19-ის ეპიდსიტუაციის საპროგნოზის სცენარები, ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სექტორების მზაობა Covid 19-ის ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით და სოციალური მუშაკების გათავისუფლების საკითხი.

გუშინ დიმიტრი ხუნდაძისთვის მიწერილ წერილში ტიკარაძემ საკომიტეტო მოსმენის ივნისის ბოლომდე გადავადება ითხოვა.

პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის თანხმად, მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი ვალდებულია რეგლამენტით დადგენილი წესით დაესწროს კომიტეტის სხდომას, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი კომიტეტის სხდომაზე მოწვევის შესახებ კომიტეტის მოთხოვნას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს უგზავნის კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის სხდომაზე მოწვევის შესახებ მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს კომიტეტის სხდომამდე არაუგვიანეს 1 კვირისა. კომიტეტი მოწვეულ პირს უსმენს ამ ვადის გასვლიდან პირველსავე კომიტეტის სხდომაზე. ამ წესის შეცვლა შესაძლებელია მოწვევის ინიციატორსა და მოსაწვევ პირს შორის შეთანხმების შემთხვევაში

ტიკარაძე პარლამენტში მოსმენის ივნისის ბოლომდე გადავადებას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი