ახალი ამბები

ტიკარაძე პარლამენტში მოსმენის ივნისის ბოლომდე გადავადებას ითხოვს

2 ივნისი, 2020 • 1082
ტიკარაძე პარლამენტში მოსმენის ივნისის ბოლომდე გადავადებას ითხოვს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის გადავადებას ითხოვს. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისთვის გაგზავნილ წერილში ტიკარაძე აცხადებს, რომ კომიტეტში ივნისის თვის ბოლო კვირაში მივა.

ჯანდაცვის მინისტრი კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა ლევან კობერიძემ დაიბარა. მან 18 მაისს დიმიტრი ხუნდაძეს მიმართა, რათა უზრუნველეყო ჯანდაცვის მინისტრის პარლამენტში მისვლა, სადაც ტიკარაძეს შემდეგ საკითხებზე უნდა ესაუბრა:

  • 2020 წლის 22 მაისს საგანგებო მდგომარეობის და შეზღუდვების მოსალოდნელი მოხსნიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ არის თუ არა შემუშავებული Covid-19-ის ეპიდსიტუაციის პროგნოზის სცენარები.
  • აღნიშნული შეზღუდვების მოხსნასთან მიმართებაში ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სექტორების მზაობა Covid 19-ის ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით (კონკრეტული პარამეტრებით გამოხატული, მაგ: ინფიცირებულთა მიღების, ინფექციის შიდა კონტროლის მექანიზმების მუშაობის, სამედიცინო პერსონალის დამცავი საშუალებებით აღჭურვისა და სხვა საკვანძო საკითხების მიხედვით).
  • მაჩვენებლები, რომლის დროსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ხელახლა გასცემს რეკომენდაციას საგანგებო მდგომარეობისა და საკარანტინე პორობების შემოღებასთან დაკავშირებით.
  • სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების გათავისუფლება.
  • საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბერის №520 დადგენილების საფუძველი და არსებული თუ მოსალოდნელი შედეგები.

დიმიტრი ხუნდაძისთვის გაგზავნილ წერილში ტიკარაძე იმ საკითხებზე წერილობით პასუხობს, რაზეც ხვალ, 3 ივნისს პარლამენტში უნდა ესაუბრა.

“როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 25 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი ანგარიში მოიცავდა იმ ეპიდემიოლოგიური ინსტრუმენტების და მაჩვენებლების დეტალურ მიმოხილვას, რასაც სამინისტრო პასუხის დაგეგმვისთვის იყენებს. სამინისტრო ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას, კომიტეტს გააცნოს პროგნოზირების სხვა ინსტრუმენტები, გარდა იმისა, რაც უკვე იქნა გაზიარებული ანგარიშის ფარგლებში”, – ნათქვამია მინისტრის წერილში.

რაც შეეხება 520-ე დადგენილების საკითხს, ტიკარაძე ამბობს:

“სამინისტრო სრულად იზიარებს საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში ფასწარმოქმნის მექანიზმების დახვეწის აუცილებლობას და მზად არის განაახლოს ტარიფიკაციის პროცესზე მუშაობა პრიორიტეტული სერვისებისთვის. აღსანიშნავია, რომ კოვიდ 19-ის პანდემიის მიმდინარეობამ შეცვალა ჯანდაცვის მიმდინარე სერვისების (განსაკუთრებით გეგმური სერვისები) მიწოდების ხასიათი. ამ პირობებში, გეგმურ ჩარევებზე შემცირებული მოთხოვნის და გლობალურად სამედიცინო მარაგების მოწოდების პროცესის სირთულეების გათვალისწინებით, 2019 წლის 5 ნოემბრის N520 დადგენილების შუალედური შედეგების შეფასება ვალიდურად ვერ ჩაითვლება. საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ჰოსპიტალური სერვისების ტარიფების დადგენის სამუშაო პროცესი განახლდა მაისის ბოლოს და მიმდინარე თვე დაეთმობა 520 დადგენილების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით დამატებითი მექანიზმების სრულად ამოქმედებას. კერძოდ, კარდიოქირურგიის პროგრამის ფარგლებში კარდიო -ვერტე-დეფიბრილატორების მოწოდების მიზნით, სამინისტრო გამოიყენებს ცენტრალიზებული შესყიდვის მექანიზმს. ბაზრის კვლევა მიმდინარეობს და შესყიდვები დასრულდება დადგენილ ვადებში”.

სოცმუშაკების საკითხზე კი მინისტრი აცხადებს:

“რაც შეეხება სსიპ- სოციალური მომსახურების სააგენტოში სოციალური მუშაკების გათავისუფლების საფუძვლებს, მოგახსენებთ, სახელმწიფო ზრუნვის სისტემა, სადაც ინტეგრირებულია ბავშვთა კეთილდღეობის, ხანდაზმულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდაჭერის საკითხები, საჭიროებდა ახლებური ტიპის ინსტიტუციურ მოწყობას, მით უფრო, რომ მანამდე არსებული მოწყობით ბენეფიციართა ზრუნვის მიმართულებით ხარისხიანი სერვისების მიწოდებაში არაერთი პრობლემა, უფლებადარღვევა და ხარვეზი იკვეთებოდა.

გარდა ამისა, „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ და „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით არაერთი ვალდებულებაა გათვალისწინებული, რაც ბენეფიციარებზე ორიენტირებული სისტემის შექმნას მოითხოვს. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შექმნილიყო სახელმწიფო ზრუნვის ორგანო, რომელიც გააერთიანებდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ფუნქციებს, ორიენტირებული იქნებოდა სახელმწიფო ზრუნვის საჭიროების მქონე ბენეფიციარებისთვის საუკეთესო ინტერესების დაცვაზე და სახელმწიფო ზრუნვის ხარისხის ამაღლებაზე.

მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმადაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან რეორგანიზაციის ფარგლებში სახელმწიფო მეურვეობა-მზრუნველობის ფუნქცია გადაეცა და სსიპ – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს და ჩამოყალიბდა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო. ამასთან, ახლად შექმნილ სააგენტოს მიენიჭა საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − სოციალური მომსახურების სააგენტოში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ შესაბამის თანამდებობებზე გადაყვანის უფლებამოსილება. რეორგანიზაციის პროცესის კოორდინაციის მიზნით, შეიქმნა კომისია (ქვეკომისიები), რომელსაც დაევალა როგორც პროცესის კოორდინაცია, ასევე, გადაუდებლად საჭირო საკადრო რესურსის შერჩევა. მეურვეობა – მზრუნველობის ფუნქციის შეუფერხებელი განხორციელების მნიშვნელობის გათვალისწინებით, პირველად ამოცანად განისაზღვრა სწორედ იმ სასიცოცხლოდ აუცილებელი ადამიანური რესურსის შერჩევა, რომელიც უზრუნველყოფდა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ახალი ფუნქციის შესასრულებლად გადაუდებელი საჭიროების დაკმაყოფილებას და არსებული სერვისების უწყვეტობას. ამდენად, კომისიის ფორმატი, კოლეგიალობის, გამჭვირვალობისა და თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით, გამოყენებულ იქნა როგორც ინსტრუმენტი, შესაბამის სოციალურ მუშაკებზე რეკომენდაციების გასაწევად.

აქედან გამომდინარე, განხორციელებული ღონისძიებები ემსახურებოდა სისტემის გაჯანსაღებას. ქმედითი ღონისძიებები გრძელდება უკვე ახალი ადმინისტრაციული ორგანოს ფარგლებში. სოციალური სამუშაოს ადეკვატური და ხარისხიანი მიწოდების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, კადრების შერჩევის/დაკომპლექტების მიზნით, გამოცხადდა საჯარო კონკურსი, რომლის შესარჩევი კომისიის წევრები ასევე იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის კათედრის და სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლები. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა ყველა დაინტერესებულ პირს თანაბარი და ხელმისაწვდომი პრინციპების დაცვით. ამ ეტაპისთვის შერჩევის პროცესი დასრულებულია და უახლოეს პერიოდში მოხდება შერჩეული კადრების დანიშვნა”,- წერს ტიკარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი