ახალი ამბები

“კბილაშვილის განცხადება ცილისმწამებლურია” – სასამართლო ლიდერფუდის საქმეზე

3 ივნისი, 2020 • 1536
“კბილაშვილის განცხადება ცილისმწამებლურია” – სასამართლო ლიდერფუდის საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლო “ლიდერფუდის” მესაკუთრის, დავით ზეიკიძის ადვოკატის, არჩილ კბილაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ იურისტის ბრიფინგის მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იყო.

სასამართლოს თანახმად, კბილაშვილის განცხადებები მოსამართლეებზე, ლაშა ქოჩიაშვილსა და გენადი მაკარიძეზე ცილისწამებლური და შეურაცხმყოფელია. საუბარია არჩილ კბილაშვილის მიერ 30 მაისს გამართულ ბრიფინგზე, სადაც ამ მოსამართლეების შესაძლო კორუფციაზე ეჭვი გამოთქვა: “ამ ორმა მოსამართლემ, რომლებმაც აშკარად უკანონო გადაწყვეტილებები გამოიტანეს, ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, რომ ეს კორუფციული მიზეზის გამო მოხდა”,-თქვა კბილაშვილმა.

“თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2019 წლის 17 ივნისს, მოპასუხის მიერ წერილობითი შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო და მოსარჩელე ირაკლი დუმბაძის სარჩელი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილების თანახმად, შეწყდა სიძე – სიმამრს შორის დადებული შპს ,,ლიდერი-ფუდის” კაპიტალის 50% წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და მოსარჩელე აღირიცხა ამავე კომპანიის  კაპიტალის 50% წილის მესაკუთრედ”,-აცხადებენ სასამართლოში.

საქალაქო სასამართლოს განცხადებითვე, კბილაშვილის ნათქვამი, რომ თითქოს საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც სარჩელის დავით ზეიკიძისათვის ჩაბარებას დაადასტურებდა, სიცრუეა. სასამართლოს ინფორმაციითვე, მათ დაადგინეს, რომ 2019 წლის 22 მაისს შპს ,,სკს“-ს კურიერმა მოსარჩელის მიერ გაგზავნილი დოკუმენტები კონვერტით ჩააბარა ზეიკიძის სამუშაო ადგილის მიხედვით უფლებამოსილ პირს, რაც სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა როგორც თავად კურიერმა, ასევე,  ოფის-მენეჯერმა.

“აღსანიშნავია ისიც, რომ მოგვიანებით  დავით ზეიკიძემ შეცვალა პოზიცია და აღიარა, რომ მას ჩაბარდა გზავნილი, თუმცა გზავნილი არ იყო სასამართლოს კონვერტი სარჩელით და თანდართული დოკუმენტებით.  რა კონვერტი ჩაბარდა, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა და  მიუთითა, რომ ის  არ შეინახა და  დაცვის უფროსმა გადააგდო.

აქვე აღვნიშნავთ, რომ 2019 წლის 21 მაისს მოპასუხის წარმომადგენლის მიერ სასამართლოსადმი მომართული განცხადებით დასტურდება, რომ დავით ზეიკიძისათვის ცნობილი იყო ირაკლი დუმბაძის მიერ მის მიმართ აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით, იცოდა დავის არსი, საქმის ნომერი, ჩაბარებული ჰქონდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება, რომელზეც მომართა ფორმალური საჩივრით და მიუთითა, რომ სასამართლოს მომართავდა დამატებით და წარმოადგენდა მტკიცებულებებს, თუმცა შემდეგ არც დამატებით წარმოუდგენია რაიმე”,-წერია სასამართლოს განცხადებაში.

აქედან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიაჩნიათ, რომ “კბილაშვილის მიერ მედიასთან გაკეთებული განცხადება არის აშკარად დაუსაბუთებელი, ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი, რომელიც შეიცავს ცრუ ინფორმაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად”.

“ამ  საქმის განხილვა მიმდინარეობს უზენაეს სასამართლოში. შესაბამისად, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე  მოვუწოდებთ ადვოკატსა  და სხვა დაინტერესებულ პირებს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისაგან, რომელიც ისედაც სადავოა მხარეების მიერ და იხილება სასამართლოში”, -ნათქვამია განცხადებაში.

სასამართლოს განცხადებას დავით ზეიკიძის ადვოკატი პასუხობს. კანონის მიხედვით დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოდის მაშინ, როცა მოპასუხეს სარჩელი ჩაბარდება და იგი შესაგებელს არ შეიტანს. კბილაშვილის თქმით, კანონი მოითხოვს, რომ სარჩელი მოპასუხეს უნდა ჩაბარდეს სასამართლო უწყებასთან ერთად, ხოლო ჩაბარების დადასტურება უნდა
მოხდეს უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. “საქმეში არ არსებობს უწყების მეორე ეგზემპლარი. შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა სამართლებრივად დაუშვებელი იყო.”

“როცა ბატონმა ლაშა ქოჩიაშვილმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა, მაშინ ისიც და ბატონი გენადი მაკარიძეც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეები იყვნენ, ხოლო როდესაც ბატონმა გენადი მაკარიძემ სააპელაციო სასამართლოს სახელით გადაწყვეტილება გამოიტანა, მაშინ ბატონი ლაშა ქოჩიაშვილიც და ბატონი გენადი მაკარიძეც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ერთი შემადგენლობის მოსამართლეები იყვნენ. ანუ კოლეგა მოსამართლემ მისი უშუალო კოლეგა მოსამართლის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე შეტანილი საჩივარი განიხილა”,-აცხადებს კბილაშვილი.

საპასუხო განმარტებაში ზეიკიძის ადვოკატი ასევე განმარტავს, რატომ ხედავს “ლიდერფუდის” მეწილეების საქმეში შესაძლო კორუფციის ნიშნებს:

“კორუფცია ლათინური სიტყვაა და ქართულად შერყვნას, გაფუჭებას, დამახინჯებას ნიშნავს. მე ამ საქმეში ბევრ დამახინჯებას ვხედავ. ამიტომაც ვაცხადებ, რომ მე ამ საქმეში კორუფციის ნიშნებს ვხედავ”.

ამასთან, არჩილ კბილაშვილი ირაკლი დუმბაძის ადვოკატებს, მათ შორის პაატა სალიასაც, სატელევიზიო დებატებში იწვევს.

ხორცპროდუქტების მწარმოებელ “ლიდერფუდის” მეპარტონეს, დავით ზეიკიძეს საკუთარი სიძე ირაკლი დუმბაძე უჩივის და 2018 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც მან კომპანიის 50% 1 მლნ ლარად გადასცა ზეიკიძეს. დუმბაძის მხარეს ორი ინსტანციის სასამართლო უკვე მოგებული აქვს, ზეიკიძის მხარე მართლმსაჯულების სისტემაში შესაძლო კორუფციაზე საუბრობს.

ირაკლი დუმბაძე აცხადებს, რომ მისმა სიმამრმა, დავით ზეიკიძემ კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა არ გადაუხადა და ამის საფუძველზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს.

ახალი ბრალდებები “ლიდერფუდის” მფლობელების საქმეში

მასალების გადაბეჭდვის წესი