ახალი ამბებისამართალი

ლიდერფუდის მფლობელების დავა

29 მაისი, 2020 • 4133
ლიდერფუდის მფლობელების დავა

ხორცპროდუქტების მაწარმოებელ “ლიდერფუდის” მეპარტონეს, დავით ზეიკიძეს საკუთარი სიძე ირაკლი დუმბაძე უჩივის და 2018 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც მან კომპანიის 50% 1 მლნ ლარად გადასცა ზეიკიძეს. დუმბაძის მხარე ორი ინსტანციის სასამართლო უკვე მოგებული აქვს, ზეიკიძის მხარე მართლმსაჯულების სისტემაში შესაძლო კორუფციაზე საუბრობს.

დავა სიმამრსა და სიძეს შორის

ირაკლი დუმბაძე აცხადებს, რომ მისმა სიმამრმა, დავით ზეიკიძემ კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა არ გადაუხადა და ამის საფუძველზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს. 

შ.პ.ს “ლიდერფუდის” 100%-იანი წლის მფლობელის, დავით ზეიკიძის ადვოკატი არჩილ კბილაშვილი ადასტურებს, რომ სიმამრს სიძისთვის თანხა ნამდვილად არ გადაუხდია, თუმცა ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან დუმბაძე წილის ნომინალური მფლობელი იყო. ამის დასტურად კბილაშვილი ამბობს, რომ ეს ოჯახური ბიზნესია და რეალურად მცხეთაში მდებარე ხორცპროდუქტების საწარმოს აქტივები 25-30 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, შესაბამისად 1 მლნ ლარად წილის ნახევარს არავინ გაასხვისებდა. 

“დუმბაძე აცხადებს, რომ დავით ზეიკიძემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა  არ გადაიხადა. ეს დავის შინაარსობრივი მხარეა, რომელსაც არ გავურბივართ. მეტიც, ვამბობთ, რომ მოდით, ეს განვიხილოთ. რა თქმა უნდა, ზეიკიძეს ეს მილიონი ლარი არ გადაუხდია და ამის მიზეზი იყო ის, რომ 2018 წელს, სანამ დავით ზეიკიძე 100%-ს გადმოიფორმებდა, 50% ეკუთნოდა მის შვილს დიმიტრი ზეიკიძეს, ხოლო მეორე 50%, სიძეს – ირაკლი დუმბაძეს. ორივე ნომინალური მფობელები იყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში 2 მილიონ ლარად დავით ზეიკიძეს არავინ მისცემდა ქონებას, რომელიც დაახლოებით 25 მლნ დოლარი ღირს. შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებაში ჩაწერილი თანხა ფორმალური იყო”,-ამბობს კბილაშვილი. 

საქმე სასამართლოში და ეჭვები კორუფციაზე

როგორც კბილაშვილმა დღეს, 29 მაისს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ზეიკიძეს კომპანიის წილის 50% მეორე მხარის დაუსწრებლად, არსებითი განხილვის გარეშე დაუბრუნა, რადგან მოპასუხე მხარემ სასამართლოში შესაგებელი სარჩელი არ წარადგინა.

კანონმდებლობის მიხედვით, სარჩელის ჩაბარების ვალდებულება მოპასუხე მხარისთვის მოსარჩელეს, ამ შემთხვევაში კი ირაკლი დუმბაძეს ჰქონდა. კბილაშვილის მტკიცებით, დავით ზეიკიძეს სარჩელი არ ჩაბარებია, შესაბამისად, ის სასამართლოში შესაგებებელს ვერ შეიტანდა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ 10 დღის ვადაში, 2019 წლის ივნისში, ლიდერფუდის 50% ირაკლი დუმბაძეს მიაკუთვნა, რომლის ინტერესებსაც სასამართლოში ადვოკატი, ამჟამად “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, პაატა სალია იცავდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. 

“საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც სარჩელის დავით ზეიკიძისთვის ჩაბარებას დაადასტურებდა. ორივე ინსტანციის სასამართლო ამას უბრალოდ იგნორირებას უკეთებს და აცხადებს, რომ ზეიკიძეს სარჩელი ჩაბარდა”, – ამბობს კბილაშვილი. 

ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება “ლიდერფუდის” მფლობელს უზენაეს სასამართლოში აქვს გასაჩივრებული, სადაც ზეიკიძის მხარე საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსწრებლად გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს. არჩილ კბილაშვილს პრეტენზია საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების მიმართ აქვს და ამბობს, რომ მათ ქმედებებში შესაძლოა კორუფციული დანაშაულის ნიშნებიც იყოს. 

მისი განმარტებითვე, საქმეს ანალოგი არ იძებნება დამოუკიდებელი საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა ქოჩიაშვილმა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ გენადი მაკარიძემ ისე განიხილეს მილიონობით დოლარის ღირებულების დავა, რომ საქმის არსებითი განხილვა არ შემდგრა.

გენადი მაკარიძეც და ლაშა ქოჩიაშვილიც ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუშაობენ. ლაშა ქოჩიაშვილზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.  გენადი მაკარიძეზე –აქ.

“ამ ორმა მოსამართლემ, რომლებმაც აშკარად უკანონო გადაწყვეტილებები გამოიტანეს, ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, რომ ეს კორუფციული მიზეზის გამო მოხდა”,-ამბობს კბილაშვილი და იქვე დასძენს:

“ნახეთ, არსებობს მოსარჩელე, რომელიც დაინტერესებულია, წილის 50% მიიღოს. წილის რეალური ღირებულება 10-15 მლნ აშშ დოლარია.  აქედან გამომდინარე, ის პროცესის მოგებით არის დაინტერესებული, თუმცა ეს სურს სასამართლო განხილვის გარეშე. ანუ მეორე მხარეს არ მიეცეს შესაძლებლობა ამტკიცოს, რომ წილი მას არ ეკუთვნის. შესაბამისად, არსებობს მცდელობა ამ ღირებულებების ქონების განხილვის გარეშე დასაკუთრებისა. მოტივი ვისაც ეს შეიძლება ჰქონდეს, ირაკლი დუმბაძეა… რა მოხდა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ან კონკრეტულად ამ მოსამართლეებთან დაკავშირებით, რომლებმაც უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანეს… ეს, ჩვენი აზრით, სავარაუდო კორუფცია შეიძლება იყოს. სავარაუდო კორუფცია იმას არ ნიშნავს, რომ ვინმემ ვინმეს ფული მისცა, შეიძლება იყოს გავლენა ან ზემდგომის დავალება და ა.შ.”, – ამბობს კბილაშვილი. 

“როდესაც სასწორის ერთ პინაზე ამ ღირებულების დავა დევს და როდესაც გამოდის ესოდენ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და ვფიქრობთ, რომ აქ ალბათ გადამწყვეტი როლი კორუფციულმა დაინტერესებამ ითამაშა…  ამაზე მეტს მე ვერ ვიტყვი, რადგან მტკიცებულება უნდა მქონდეს, რომ ვთქვა, ვიღაცამ ფული აიღო, ან ვიღაცამ ვიღაცის გავლენა შეასრულა. კორუფცია არსებობს როგორც ჰორიზანტულური, ასევე ვერტიკალური. ჰორიზონტალურია, როცა ფულით და გავლენით ხდება, ვერტიკალურია, როცა ზემდგომიდან ქვემდგომს ავალებენ. არ ვიცი, ამ შემთხვევაში საქმე რასთან გვქონდა, მაგრამ ვიცი, რომ მიღებული შედეგი უკანონია”, – აცხადებს ადვოკატი.

არჩილ კბილაშვილის თქმითვე, დუმბაძემ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტს დასკვნა მოამზადებინა იმისთვის, რომ დაედასტურებინა განჩინების მოპასუხისათვის ჩაბარების ნამდვილობა. დუმბაძე ამტიცებდა, რომ 21 მაისს მეორე მხარეს კურიერის საშუალებით სარჩელი გაუგზავნა, რომელიც “ლიდერფუდის” ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჩაიბარა. კბილაშვილის მტკიცებით კი, გაგზავნილი საბუთები სარჩელი არ იყო და ამას მოწმობს კომპანიის შესასვლელში დამონტაჟებული ჩანაწერი, სადაც ჩანს, კურიერს როგორ მიაქვს დოკუმენტები  ოფისში.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეს ჩანაწერი არჩილ კბილაშვილმა გაასაჯაროა და თქვა, რომ სინმადვილეში სარჩელი სპეციალურ კონვერტში იდება, რომელსაც ზედა მხარეს ლურჯი შეფერილობა აქვს.

არჩილ კბილაშვილის თქმით, სარჩელი ასეთ კონვეტრში უნდა ყოფილიყო

კბილაშვილის მიერ გასაჯაროებულ კადრში ჩანს კურიერი, რომელსაც გარკვეული დოკუმენტები უჭირავს ხელში.

არჩილ კბილაშვილის მიერ გასაჯაროებული ფოტო, რომელიც მისი თქმით, კურიერის ოფისში მისვლასა და მის ხელთ არსებულ საბუთებს ასახვს

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც დუმბაძის მხარის არგუმენტია და კბილაშვილმა  გაასაჯაროა, წერია, რომ დოკუმენტების ზედა ნაწილში მარჯვენა და მარცხენა მხარეს დოკუმენტს “მუქი შეფერილობის გაფორმება აღენიშნება.”

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ირაკლი დუმბაძე და პაატა სალია მხოლოდ ექსპერტიზის ამ დასკვნის საფუძველზე ამტკიცებენ, რომ მოპასუხეს სარჩელი ნამდვილად ჩააბარეს. კბილაშვილის თქმითვე, დოკუმენტის მიხედვით, ეს დასკვნა ექსპერტმა ერთ დღეში მოამზადა, რაც შეუძლებელია. კბილაშვილმა ასევე გაასაჯაროა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან მიღებული წერილი, რომლის თანახმადაც, 2018 წლის განმავლობაში ბიუროს კრიმინალისტური ექსპერტიზის დეპარტამენტის ვიდეო, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის სამმართველოში, ფიზიკური პირების დაკვეთის საფუძველზე, მიმართვის დღესვე არცერთი ექსპერტის დასკვნა მომზადებული არ ყოფილა. ნეტგაზეთი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაუკავშირდა. მათ კომენტრს მიღებითანავე გავავრცელებთ. 

თავის მხრივ, ზეიკიძის მხარეს მომზადებული აქვს ალტერნატიული დასკვნა ზემოხსენებულ კადრებთან დაკავშირებით, რომელშიც წერია, რომ ჩანაწერის მიხედვით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენი ფურცელი დევს კონვერტში, რომელიც კურიერს უჭირავს ხელში. ამასთან, ექსპერტი ადარებს, ემთხვევა თუ არა კურიერის ხელში არსებული საბუთები სასამართლოს კონვერტის ფერებს.

ზეიკიძისს მხარის დაკვეთით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა

რას ამბობს პაატა სალია

ირაკლი დუმბაძის ადვოკატი პაატა სალია კბილაშვილის ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მოპასუხეს სარჩელი გაუგზავნეს, თუმცა ზეიკიძეს მუქარით სურდა სიძის გაჩუმება, რა დროსაც შესაგებებელი სარჩელის ვადაც გავიდა. მეტიც, სალია ამტკიცებს, რომ 2018 წლის მარტში დუმბაძემ ნასყიდობის ხელშეკრულება იძულებით გააფორმა:

“ზეიკიძეს ფოსტით გავუგზავნე წერილი, რომელმაც დაადასტურა, რომ გზავნილი “ლიდერფუდის” უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ჩაიბარა. ანუ იმ პირმა, რომელიც ამას უკვე დავით ზეიკიძეს გადასცემდა. ზეიკიძეს ეს სარჩელი მიღებული აქვს, რადგან არსებობს ამის დამადასტურებელი გარემოება, მაგალითად, ის, რომ ამის შემდეგ აქტიურად რეკავდა თავის შვილთან, ემუქრებოდა და სარჩელის სასამართლოდან გატანას ითხოვდა. მან ეს ათდღიანი ვადა გაუშვა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ასე ვთქვათ, 90-იანი წლების მეთოდებით ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობდა. დუმბაძემ ეს არ გააკეთა, რადგან აბსოლუტურად გამართული სამართლებრივი საფუძვლები გვქონდა. ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო, რომ შესაგებლის ვადა გაუშვა მოპასუხემ. რასაც ზეიკიძე და მისი ადვოკატი ამბობენ, სრული აბსურდია, ისინი ყვებიან, რომ სასამართლოს კონვერტში ჩადებული სარჩელის ნაცვლად ზეიკიძეს რაღაც სხვა წერილი გავუგზავნე. როცა მოვითხოვეთ ეჩვენებინათ, რა მიიღეს ცალკე კონვერტით, აჩვენეს 3-4 დღით ადრე გაგზავნილი ბოლო გაფრთხილების წერილის ასლი.”

ნეტგაზეთის კითხვაზე, დაშინების ნაწილზე თუ აქვს მხარეს მტკიცებულებები და თუ წარადგინა სასამართლოში, სალია გვპასუხობს, რომ  დუმბაძეს განცხადება პროკურატურაში აქვს შეტანილი. სალისა თქმითვე, დუმბაძემ “ლიდერფუდის” წილის ნახევარი საბაზრო ფასზე ნაკლებად, ამ შემთხვევაში მილიონ ლარად, იძულებით გაყიდა.

“ამავდროულლად, მისმა მეუღლემ დაპირება მიიღო, რომ ოჯახის რაღაც გაერთიანებულ ქონებაში მიიღებდა 20%-ს, ანუ იყო დაპირებისა და მუქარის ერთობლიობა, რის გამოც დუმბაძემ გადააფორმა ეს ქონება”,-ამბობს სალია.

ამას გარდა, დუმბაძის ადვოკატი ამტკიცებს, რომ  როცა სასამართლოში ზეიკიძის მხარემ დაუსწრებლად მიღებული გადააწყვეტილება გაასაჩივრა, ნაცვლად იმისა, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე განეხილა სასამართლოს, რაც, როგორც სალია ამბობს, უმეტეს შემთხვევაში ხდება, არაერთი სასამართლო პროცესი ჩატარდა. ახლა “ლიდერფუდის” წილების საქმე უზენაეს სასამართლოშია განსახილველად. სალია ნეტგაზეთს ეუბნება, რომ, როგორც წესი, ასეთი საქმეების 90%-ზე მეტის შემთხვევაში სასამართლო განხილვაში არ შედის.

“შესაგებელი სარჩელის მომზადებაზე ზეიკიძემ დრო არ დახარჯა, რადგან ფიქრობდა, დაშინებით მოაგვარებდა საკუთარ სიძესთან საქმეს. კორუფციის ნიშნების დამადასტურებელი [მტკიცებულება] თუ არ გაქვს, მაშინ არ უნდა ილაპარაკო… მეც შემიძლია ვთქვა, რომ არჩილ კბილაშვილი, გენერალური პროკურორი როცა იყო, ძალიან ბევრ კორუფციულ გარიგებაში შესაძლოა იყოს ჩართული. რამეს იძლევა ახლა ეს განცხადება?! მისი მხირიდან ეს განცხადება არის აბსურდი”,-აცხადებს პაატა სალია.

ნეტგაზეთი სააპელაციო სასამართლოს პრესსამსახურსაც დაუკავშირდა. ჩვენ ვკითხეთ, სურდათ თუ არა საქმის მოსამართლეებს შესაძლო კორუფციის საკითხზე კომენტარი, სასამართლოში გვითხრეს, რომ გამოემხმაურებიან თუ არა ამ საკითხს, ორშაბათს, პირველ ივნისს გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი