ახალი ამბები

“ოცნების” საპირწონე არ არის რომელიმე ერთი პარტია” – უგულავა კოორდინაციის აუცილებლობაზე საუბრობს

2 ივნისი, 2020 • 1266
“ოცნების” საპირწონე არ არის რომელიმე ერთი პარტია” – უგულავა კოორდინაციის აუცილებლობაზე საუბრობს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა, რომ კოორდინაციის გარეშე რომელიმე კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიას არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ისაუბრა:

“ერთპარტიული “ოცნების” საპირწონე არ არის რომელიმე კონკრეტული პარტია, რაც არ უნდა დიდი და ძლიერი იყოს ის. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ “ნაციონალურ მოძრაობას” იმიტომ, რომ ეს თამაში ჩვენ ყველამ ვნახეთ, თუ ხდება არჩევანი 41-სა და 5-ს შორის, ამ შემთხვევაში ალბათობა იმისა, რომ ივანიშვილმა გაათამაშოს ის, რასაც 8 წელი აკეთებს, არის მაღალი. ეს რომ ჩვენს კოლეგებსაც ესმოდათ, ზუსტად ამან განაპირობა ის, რომ ჩვენ ყველანი ლეიბორისტული პარტიის მაგიდის გარშემო შევიკრიბეთ, მათ შორის ბევრი ისეთი პარტია, რომელიც საერთოდ ერთმანეთს არ ელაპარაკებოდა. ჩვენ საზოგადოებას ვანახეთ, რომ ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას მეორე ერთპარტიული მმართველობით კი არ ვანაცვლებთ, არამედ მრავალპარტიულით”, – განაცხადა უგულავამ.

საუბარია საერთო ოპოზიციურ კოორდინაციაზე მაჟორიტარობის კანდიდატების შეთანხმების ნაწილში, რის თაობაზეც ოპოზიცია ლეიბორისტული პარტიის ოფისში მიმდინარე შეხვედრებზე მსჯელობს.

უგულავას თქმით, “ლელოს” გარეშე გაერთიანებული ოპოზიციის შეთანხმების მიღწევა რეალისტურია, რთულია “ლეიბორისტების” გარეშე, არ გამოვა “ევროპული საქართველოს” გარეშე და შეუძლებელია “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე.

“”ლელო” არც ყოფილა შეთანხმების ნაწილი, ამიტომ ვერც პრეტენზიას ვერ წავუყენებთ, თუმცა სასურველი იქნებოდა, მეტი მონაწილეობა მიეღოთ მაგრამ ეს უკვე მათი საქმეა. “ლელოს” გარეშე ამ შეთანხმების გამოსვლა აბსოლუტურად რეალისტურია, “ლეიბორისტების” გარეშე უკვე რთულია, “ევროპული საქართველოს გარეშე არ გამოვა და “ნაციონალების” გარეშე პრაქტიკულად სისულელეა, ვერ გამოვა. ანუ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მათზეა და ჩვენზე. და მერე უკვე შესაბამისად სხვა დანარჩენ პარტიებზე.

ერთი არგუმენტი ისაა, რომ აუცილებლად უნდა გვყავდეს მაჟორიტარი გამარჯვებული პირველი ტურის შემდეგ. თუ “ნაციონალური მოძრაობა” ცალკე გადის, იმას მიაღწევს, რომ მეორე ტურში ძირითადად თვითონ იყოს, მაგრამ პირველ ტურში გამარჯვებული არცერთი არ იქნება. მაგრამ მეორე ტურში მივიღებთ იმას, რაც გვქონდა 2016-ში/ 2018-ში – #5 და #41. მარტო #5-ის და #41-ის დაპირისპირება თუ გახდა პოლიტიკა, ფაქტია, რომ ოპოზიცია, ყველანი ვაგებთ, მათ შორის ის 5 ნომერიც. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, “ნაციონალური მოძრაობა” ამ დიდი ოპოზიციური ერთობის მნიშვნელოვანი ნაწილია. უკიდურესი ქოცი უნდა იყო, რომ იძახდე, რომ არ არსებობს ეს ხალხი და არ არსებობს ეს მოცემულობა. მაგრამ ამავე დროს მათაც უნდა ესმოდეთ, რომ მარტო ისინი ვერ მოუგებენ და საერთო ოპოზიციურ ამბავს ისე დაანგრევენ, რომ პასუხისმგებლობა მათზე იქნება”, – განმარტა უგულავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი