ახალი ამბები

თბილისის, ქუთაისის და ბათუმის იუსტიციის სახლები 09:00-დან 00:00 საათამდე იმუშავებს

1 ივნისი, 2020 • 1372
თბილისის, ქუთაისის და ბათუმის იუსტიციის სახლები 09:00-დან 00:00 საათამდე იმუშავებს

პირველი ივნისიდან იუსტიციის სახლის თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ფილიალები მომხმარებლებს 09:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურებიან. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო აცრცელებს.

უწყების ცნობით, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, იუსტიციის სახლის ყველა პროდუქტი, მათ შორის, სერვისები დაჩქარებული წესით, მათთვის მოსახერხებელ დროს მიიღონ:

“იუსტიციის სახლის თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ფილიალები მომხმარებელს 09:00-დან 00:00 საათამდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მოემსახურებიან, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, ეფექტურად განკარგონ საკუთარი დრო, სასურველ დროს დაჯავშნონ ვიზიტი და მიიღონ სერვისი საღამოს, გვიან საათებშიც კი.

სიახლე განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სამუშაო დღის განმავლობაში ვერ ახერხებენ იუსტიციის სახლში ვიზიტს”, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

იუსტიციის სამნისტროს განცხადებით, იუსტიციის სახლის თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ფილიალებში მომხმარებლები შეძლებენ განაცხადების წარდგენას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროს და სხვა უწყებების სერვისების მიმართულებით.

დაინტერესებული პირი შენობაში შესვლას და სერვისის მიღებას მისთვის სასურველ დღესა და დროს შეძლებს, თუკი ვიზიტს პორტალზე (my.gov.ge) დაჯავშნის; იმავე დღეს ვიზიტის დაგეგმვისას კი, მომხმარებლებმა ჯავშანი 22:00 საათამდე უნდა გააკეთონ.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ფილიალებში სერვისების მისაღებად საჭირო დაჯავშნის ხუთენოვანი ელექტრონული სისტემა მოქმედებს. დაჯავშნა შესაძლებელია ქართულ, აფხაზურ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, სერვისის მისაღებად მომხმარებელმა პორტალზე (my.gov.ge) კალენდარში უნდა დაჯავშნოს ფილიალში ვიზიტის თარიღი და დრო, რის შემდეგაც მიუვა მოკლე ტექსტური შეტყობინება და მითითებულ დროს შეეძლება განაცხადის გასაკეთებლად იუსტიციის სახლის ფილიალში მისვლა.

უწყების განცხადებით, მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:

  • ჯავშნის გაკეთება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვებგვერდიდან – my.gov.ge, სადაც თვალსაჩინო ადგილზე არის განთავსებული ჯავშნის კალენდარი;
  • დაჯავშნის შემდეგ მომხმარებელი მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი და დრო; ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელიც იუსტიციის სახლში მისულმა მომხმარებელმა მომსახურებამდე უნდა წარადგინოს;
  • წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდება;
  • ფილიალში მისულ პირს უნდა ეკეთოს პირბადე, რის გარეშეც შენობაში არ დაიშვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი