ახალი ამბები

ვირუსი არ დაგვიმარცხებია, ვატაროთ ნიღაბი – გახარია

1 ივნისი, 2020 • 1203
ვირუსი არ დაგვიმარცხებია, ვატაროთ ნიღაბი – გახარია

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ და დასძინა, რომ ეს არის გლობალური პანდემია და ვერც ერთი ქვეყანა, ცალკე აღებული, კორონავირუსს ვერ დაამარცხებს.

პრემიერის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში ორი ახალი კლასტერი გაჩნდა – თბილისში და მარნეულის სოფელ მარეთში.

“მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, ყოველთვის ვატაროთ ნიღაბი, განსაკუთრებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ჩვენ იძულებული ვართ, რომ ნელ-ნელა ეკონომიკა გავხსნათ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ არანაირი სურვილი არ გვაქვს უკან დაბრუნების და ეკონომიკის შემდგომი დაკეტვის. მთავრობას გააზრებული აქვს, რომ ის სოციალური დახმარება, რომელსაც ვუწევთ ჩვენს მოქალაქეებს, არ არის საკმარისი, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეკონომიკა გავხსნათ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ და დასძინა, რომ ეკონომიკის გახსნისას მთავრობა სიფრთხილეს შეინარჩუნებს.

“მერწმუნეთ, ჩვენ აქედან გამოვალთ კიდევ უფრო გაძლიერებულები და საქართველო, პატარა ქვეყანა, შეძლებს დაუმტკიცოს ყველას, რომ ეფექტურად მართა კრიზისი, შეძლო კრიზისთან ადაპტაცია, შეძლო ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის ტურიზმს, ამიტომ დავიცვათ წესები”, – დასძინა გიორგი გახარიამ.

1 ივნისი: კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 19 გამოჯანმრთელდა

მასალების გადაბეჭდვის წესი