ახალი ამბები

ახალი ბრალდებები “ლიდერფუდის” მფლობელების საქმეში

1 ივნისი, 2020 • 2091
ახალი ბრალდებები “ლიდერფუდის” მფლობელების საქმეში

“ლიდერფუდის” მფლობელის, დავით ზეიკიძის სიძე ირაკლი დუმბაძე აცხადებს, რომ სიმამრი მას დაჭერითა და პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებით ემუქრებოდა. ზეიკიძე ბრალდებებს არ ადასტურებს.

“მე ვარ ამ კომპანიის დამფუძნებელი, ნულიდან დავიწყე ეს კომპანია და შევძელი, რომ ამიერკავკასიაში ნომერ პირველ კომპანიად ვაქციე, თუმცა მას შემდეგ რაც შემოსავლები გაიზარდა, ჩემმა სიმამრმა შანტაჟით, მუქარითა და ცრუ დაპირებებით ეს ქონება დაგვათმობინა. ის მუდმივად გვემუქრებოდა საკუთარი გავლენების გამოყენებით, დაჭერით, პირადი ცხოვრების მასალების გასაჯაროებით”, – განაცხადა დუმბაძემ დღეს, პირველ ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

დუმბაძის ადვოკატის, ავთანდილ თეთრაშვილის თქმითვე, ზეიკიძის მხრიდან ასევე იყო ადევნების შემთხვევაც, რისი მიზანიც იყო ის, რომ დუმბაძეს ხორცპროდუქტების კომპანიის წილზე უარი ეთქვა, რომელზეც სასამართლოში დავა კვლავ მიმდინარეობს.

“იყო ადევნება, თვალთვალი… ძალიან ხშირად მათი სახლის ზემოთ დრონები დაფრინავენ, მიუხედავად იმისა, რომ გარშემო არავინ ცხოვრობს. მანქანების ადევნებებია ხშირად… ამასთან დაკავშირებით პროკურატურისა და პოლიციისთვის მიმართულიც გვაქვს და საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია. ეს ზეწოლის ერთგვარი მეთოდია, რათა დუმბაძემ საკუთარ მოთხოვნაზე უარი თქვას”,- აცხადებს ადვოკატი.

“ლიდერფუდის” 100%-იანი წილის მფლობელი დავით ზეიკიძე მუქარის ბრალდებებს უარყოფს. როგორც მან ნეტგაზეთს უთხრა, მის სიძეს სურს, სასამართლოში მიმდინარე პროცესი ოჯახურ დავად წარმოაჩინოს. ამასთან, ზეიკიძე ფიქრობს, რომ დღევანდელი ბრიფინგის მიზანი უზენაეს სასამართლოზე ზემოქმედების მდელობაა:

“დღევანდელი პრესკონფერენცია, იცით, რას ეძღვნება?! იმიტომ დაანახეს ჩემი შვილი, რომ უზენაეს სასამართლოს მიეცეს საშუალება, ჩემი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანოს. მიმდინარე დავაზე ერთი სიტყვაც არ უთქვამთ. თუ დაინტერესებული ხართ, ჰკითხეთ [ირაკლი დუმბაძეს], რომელი ქურდი მივუგზავნე, რა მანქანით ვდიე… დრონი თუ რაღაც, არც კი ვიცი… ვინ გაუშვა, როგორ გაუშვა…”, – ამბობს ზეიკიძე და უარყოფს ყოველგვარ ბრალდებას.

“ერთი მოწმე დაასახელონ. მას შემდეგ, რაც გადამიფორმა [კომპანიის 50%], კიდევ 5 თვე მუშაობდა დირექტორად ჩემთან”.

პროკურატურაში ზემოხსენებულ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.


ხორცპროდუქტების მწარმოებელ “ლიდერფუდის” მეპარტონეს, დავით ზეიკიძეს საკუთარი სიძე ირაკლი დუმბაძე უჩივის და 2018 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც მან კომპანიის 50% 1 მლნ ლარად გადასცა ზეიკიძეს. დუმბაძის მხარე ორი ინსტანციის სასამართლო უკვე მოგებული აქვს, ზეიკიძის მხარე მართლმსაჯულების სისტემაში შესაძლო კორუფციაზე საუბრობს.

ირაკლი დუმბაძე აცხადებს, რომ მისმა სიმამრმა, დავით ზეიკიძემ კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა არ გადაუხადა და ამის საფუძველზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს.

შ.პ.ს “ლიდერფუდის” 100%-იანი წლის მფლობელის, დავით ზეიკიძის ადვოკატი არჩილ კბილაშვილი ადასტურებს, რომ სიმამრს სიძისთვის თანხა ნამდვილად არ გადაუხდია, თუმცა ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან დუმბაძე წილის ნომინალური მფლობელი იყო. ამის დასტურად კბილაშვილი ამბობს, რომ ეს ოჯახური ბიზნესია და რეალურად მცხეთაში მდებარე ხორცპროდუქტების საწარმოს აქტივები 25-30 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. შესაბამისად, 1 მლნ ლარად წილის ნახევარს არავინ გაასხვისებდა.

ირაკლი დუმბაძის ადვოკატი პაატა სალია კბილაშვილის ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მოპასუხეს სარჩელი გაუგზავნეს, თუმცა ზეიკიძეს მუქარით სურდა სიძის გაჩუმება, რა დროსაც შესაგებებელი სარჩელის ვადაც გავიდა. მეტიც, სალია ამტკიცებს, რომ 2018 წლის მარტში დუმბაძემ ნასყიდობის ხელშეკრულება იძულებით გააფორმა.

ლიდერფუდის მფლობელების დავა

მასალების გადაბეჭდვის წესი