ახალი ამბები

რუსეთს მარტო ლუგარში არ უნდა შესვლა, არჩევნებზე ზეგავლენაც მოუნდება – თალაკვაძე

30 მაისი, 2020 •
რუსეთს მარტო ლუგარში არ უნდა შესვლა, არჩევნებზე ზეგავლენაც მოუნდება – თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, რუსეთის ბრალდებები ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, რბილის ძალის გამოყენება და პროვოკაციები საოკუპაციო პოლიტიკის ნაწილია.

თალაკვაძე აცხადებს, რომ რუსეთს მარტო ლუგარში კი არ უნდა შესვლა, არამედ “მას უნდა შესვლა ყველაფერში, რაზეც საქართველოს წარმატება დგას”, მათ შორის, მოუნდება არჩევნებში ჩარევა.

“დღეს საქართველოს წარმატება ყველაზე მეტად დგას ჯანდაცვის სისტემაზე და ლუგარი არის საქართველოს ჯანდაცვის ნაწილი. რუსეთი რეალურად მარტო ლუგარის ლაბორატორიას კი არ ესხმის თავს და მარტო ლუგარში კი არ უნდა შესვლა, რუსეთს უნდა შესვლა საქართველოს ევროატლანტიკურ დღის წესრიგში; უნდა შესვლა და ჩარევა საქართველოს დემოკრატიაში; რუსეთს უნდა შესვლა საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებაში – ოკუპირებული აქვს ორი რეგიონი და ამით ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას; რუსეთს უნდოდა და მომავალშიც მოუნდება ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებზეც და ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ პრორუსულმა ძალებმა არ ისარგებლონ იმ დესტრუქციით, რასაც ე.წ. პროდასავლური ოპოზიცია აკეთებს დღეს“, – განაცხადა თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ლუგარის ლაბორატორია იყო კოვიდ-19-ის წინააღმდეგ წარმატების შემქმნელი ერთ-ერთი მნიშნელოვანი რგოლი და ლუგარის ლაბორატორიაზე შეტევა რუსეთის მხრიდან, პირდაპირ უდრის რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას. მისივე თქმით, ის ფაქტი, თუ როგორ იყენებს რუსეთი რბილ ძალას საქართველოში, უნდა იყოს ძლიერი არგუმენტი გადაწყვეტილების მისაღებად დასავლური პოლიტიკური წრეებისთვის, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.


 

რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია თბილისში არაერთხელ გამხდარა რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის სამიზნე. მოსკოვთან დაკავშირებული აქტორები და რუსეთის ოფიციალური უწყებები შეერთებული შტატების მიერ ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე საუბრობენ.

მიმდინარე წლის 26 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოსგან ელის პასუხს ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში რუსი სპეციალისტების დაშვებასთან დაკავშირებით, რადგან მოსკოვი შეშფოთებულია ინფორმაციის ნაკლებობით ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველო, როგორც ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის პასუხიმგებელი წევრი, მზად არის, მიიღოს კომპეტენტური რუსი ექსპერტები, რომლებსაც გააჩნიათ დაშვება შესაბამისი უსაფრთხოების ლაბორატორიების ინფრასტრუქტურაზე. თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ ხსენებული ვიზიტები შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმების შესაბამისად.

რუსეთი, თავის მხრივ, მიიჩნევს, რომ რუსი ექსპერტების ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ ფორმატში, სხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობის, ასევე, საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლების გარეშე. ამასთან, მოსკოვი ლუგარის ლაბორატორიის ყველა შენობასა და ნებისმიერ დოკუმენტზე დაშვებას ითხოვს.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში რუსეთის დელეგაციას მხოლოდ საერთაშორისო მისიების ფორმატში მიიღებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი