ახალი ამბები

რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის ყველა შენობასა და დოკუმენტზე წვდომას ითხოვს

28 მაისი, 2020 • 3070
რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის ყველა შენობასა და დოკუმენტზე წვდომას ითხოვს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლუგარის ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების დაშვებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარს ეხმაურება.

რუსეთის საგარეო უწყების შეფასებით, ქართული მხარის ბრალდება კრემლისტურ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და ლუგარის ცენტრის ბაზაზე მიმდინარე სამხედრო-ბიოლოგიური აქტივობებისგან საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გადატანას ემსახურება.

მოსკოვი მიესალმება ქართული მხარის მზაობას, რუსმა პროფილურმა ექსპერტებმა მოინახულონ ლუგარის ლაბორატორია ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმების ფარგლებში, თუმცა ამბობს, რომ კონვენციის ფარგლებში “არბიტრაჟის” განხორციელების ერთადერთი ინსტრუმენტია წევრი სახელმწიფოების ვალდებულება, ითანამშრომლონ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, რომელიც ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის შესრულებას შეეხება.

“რუსი ექპერტების მიერ ბიოობიექტის მონახულების მიზანშეწონილობას ვხედავთ მხოლოდ ლაბორატორიის ყველა (მათ შორის, ამერიკელი სპეციალისტების მიერ დაკავებულ) კორპუსში და ნებისმიერ დოკუმენტზე დაშვების გარანტიის შემთხვევაში. სწორედ ასეთი ფორმატი უზრუნველყოფდა რეალურ შემოწმებას. არ ვაპირებთ მონაწილეობას პიარ კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ის სამხედრო უწყების ბიოლოგების მიერ რუსეთის საზღვართან ახლოს წარმოებული საქმიანობის რეალური მიმართულებების დაფარვას. ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ ფორმატში, სხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობის, ასევე, საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლების გარეშე”, – აცხადებს რუსეთსი საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყების ცნობით, 2008 წლის 14-15 ნოემბერს უცხოელი ექსპერტების ჯგუფის მიერ ლაბორატორიის მონახულებას არ აქვს კავშირი ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციის შესრულებასთან და არ ყოფილა გაცემული პასუხი მთავარ კითხვაზე, რატომ ფინანსდება საქართველო ჯანდაცვის სისტემაში არსებული ლაბორატორია ამერიკელი სამხედროების მიერ.

რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია თბილისში არაერთხელ გამხდარა რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის სამიზნე. მოსკოვთან დაკავშირებული აქტორები და რუსეთის ოფიციალური უწყებები შეერთებული შტატების მიერ ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე საუბრობენ.

მიმდინარე წლის 26 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოსგან ელის პასუხს ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში რუსი სპეციალისტების დაშვებასთან დაკავშირებით, რადგან მოსკოვი შეშფოთებულია ინფორმაციის ნაკლებობით ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველო, როგორც ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის პასუხიმგებელი წევრი, მზად არის მომავალში და მზად იყო წინა წლებშიც, მიიღოს კომპეტენტური რუსი ექსპერტები, რომლებსაც გააჩნიათ დაშვება შესაბამისი უსაფრთხოების ლაბორატორიების ინფრასტრუქტურაზე. თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ ხსენებული ვიზიტები შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმების შესაბამისად.


რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მშენებლობა საქართველოში დაიწყო 2004 წელს, აშშ-საქართველოს მთავრობებს შორის 1997 წელს ხელმოწერილი ჩარჩო-ხელშეკრულების და 2002 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების “ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ” საფუძველზე.

შეთანხმების ფარგლებში, ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობისა და ბიოუსაფრთხოების სფეროში ხორცილდება ფინანსური და ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომლის საერთო მოცულობა დღემდე შეადგენს დაახლოებით 350 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიციას. პროგრამის ფარგლებში ქვეყანაში მოეწყო თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიული ქსელი.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის უახლესი შენობა სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრისა და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი