ახალი ამბები

მოეშვი “ველიკა დერჟავულ” ჩვევებს, მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ – გამყრელიძე ონიშენკოს

28 მაისი, 2020 • 4967
მოეშვი “ველიკა დერჟავულ” ჩვევებს, მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ – გამყრელიძე ონიშენკოს

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში რუსეთის დელეგაციას მხოლოდ საერთაშორისო მისიების ფორმატში მიიღებს.

“30 წელია, რაც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი. ჩვენმა რუსმა კოლეგებმა ეს როგორმე უნდა გაითავისონ და შეეგუონ. რას ნიშნავს ჩამოვლენ და ყველა კუთხე-კუნჭულში შევლენ და ა.შ. ისევე ჩამოვა რუსი აქ, როგორც ჩამოდის სხვა ერის წარმომადგენელი ლუგარის ლაბორატორიაში. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩამოვიდეს მხოლოდ რუსული დელეგაცია. ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ ჩამოვიდნენ საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, რუსი მეცნიერები და ჟურნალისტები ბევრჯერ არიან ნამყოფი ლუგარის ლაბორატორიაში და ყველა გამოხტომას, რაც პერიოდულად ხდება რუსეთის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სარჩული აქვს.

ამირან გამყრელიძემ ასევე მიმართა რუსეთის სანიტარული სამსახურის ყოფილ უფროსს, რუსეთის დუმის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი ონიშჩენკოს, რომელსაც, მისი თქმით, დიდი ხანია იცნობს. ონიშჩენკომ მანამდე განაცხადა, რომ თუ ლუგარის ცენტრში სამხედრო მიკრობიოლოგები მუშაობენ, ეს გაერო-ს კონვენციის დარღვევა იქნებოდა.

“ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას გალაპარაკებენ, გავალებენ. სამჯერ დაგპატიჟეთ. ვიცი, რომ ქართველები გიყვარს, ქართული ღვინო მოგწონს. კარგად იცი, რითიც ვართ დაკავებული ლუგარის ცენტრში. მოეშვი “ველიკა დერჟავულ” ჩვევებს, მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ, ჩამოხვალთ საერთაშორისო მისიებთან ერთად”, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველომ რუსულ მხარეს შესთავაზა, 2018 წლის 14-15 ნოემბერს მსოფლიოს 20 ქვეყნიდან უსაფრთხოებისა და ბიოექსპერტების მონაწილეობით ლუგარის ცენტრში გამართულ საერთაშორისო ვარჯიშში მიეღო მონაწილეობა, რაც ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესაბამისად გაიმართა, თუმცა უარი მიიღო.

“რომ ამბობენ, ყველა შენობაში შესვლას შეძლებენ და წვდომა ექნებათ ყველა დოკუმენტაციაზე… ეს პირობა იყო ზუსტად, როდესაც აქ ჩამოვიდა ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის გაერო-ს კონვენციის ეგიდით დელეგაცია. ყველა ოთახში იყვნენ. 4 ექსპერტი, რომელსაც თავის ქვეყანაში მე-3 დონის ლაბორატორიაში დაშვების უფლება ჰქონდა, ჩვენს მე-3 დონის ლაბორატორიაში შევიდნენ. არათუ ყველა ოთახში, ყველა მაცივარი გამოაღეს. ყველა დოკუმენტაცია ნახეს, კომპიუტერებიც. [რუსებმა] უარი თქვეს ამ მისიაში მონაწილეობაზე. ახლაც, როცა იქნება საერთაშორისო მისია, შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა. ეს არის საყოველთაოდ მიღებული წესი ასეთი ლაბორატორიების შემოწმების”, – განაცხადა NCDC-ის დირექტორის მოადგილემ და ლუგარის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველო, როგორც ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის პასუხიმგებელი წევრი, მზად არის, მიიღოს კომპეტენტური რუსი ექსპერტები, რომლებსაც გააჩნიათ დაშვება შესაბამისი უსაფრთხოების ლაბორატორიების ინფრასტრუქტურაზე. თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ ხსენებული ვიზიტები შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმების შესაბამისად.

რუსეთი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ რუსი ექსპერტების ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ ფორმატში, სხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობის, ასევე, საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლების გარეშე. ამასთან, მოსკოვი ლუგარის ლაბორატორიის ყველა შენობასა და ნებისმიერ დოკუმენტზე დაშვებას ითხოვს.

რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია თბილისში არაერთხელ გამხდარა რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის სამიზნე. მოსკოვთან დაკავშირებული აქტორები და რუსეთის ოფიციალური უწყებები შეერთებული შტატების მიერ ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე საუბრობენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი