ახალი ამბები

აბესაძე გახარიას სიცრუეში ადანაშულებს და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდებს

29 მაისი, 2020 • 956
აბესაძე გახარიას სიცრუეში ადანაშულებს და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდებს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი აბესაძე პრემიერ-მინისტრს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდებს და სიცრუეს უწოდებს მის განცხადებებს საქართველოს პოზიციის შესახებ აღნიშნული ხარჯების მიმართულებით. აბესაძემ ამ საკითხზე 29 მაისს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” პერიოდში ბიუროკრატიული აპარატის სახელფასო ფონდი 600 მილიონი ლარით გაიზარდა, რასაც აბესაძე “კატასტროფად” აფასებს.

“ჯამურად, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, მასწავლებლების, პოლიციისა და ჯარისკაცების ხელფასებს თუ არ ჩავთვლით, ყველა დანარჩენ ბიუროკრატიაზე ხელფასის ფონდი გაზრდილია 600 მილიონი ლარით და ეს არის, რა თქმა უნდა, კატასტროფა.

მხოლოდ 2016 წლიდან დღემდე 28 000 ადამიანით არის სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილი და კარგად ვიცით, რომ მათი უმრავლესობა არის პოლიტიკური აქტივი, არაპროფესიონალი და არაფერს აკეთებს საზოგადოებისთვის იმ ხელფასის სანაცვლოდ, რომელსაც იღებს”, – თქვა მან.

აქვე, აბესაძემ სიცრუედ შეაფასა გიორგი გახარიას განცხადება პარლამენტში, რომლის მიხედვითაც სავალუტო ფონდის რეიტინგით, ბიუროკრატიული ხარჯებით, მშპ-სთან შედარებით, საქართველო მეორე ადგილზეა სინგაპურის შემდეგ.

“ასეთი რეიტინგი სავალუტო ფონდს არ გააჩნია. სავალუტო ფონდს აქვს ინფორმაცია ხელფასების სახით გაცემულ თანხებზე, რაშიც არ შედის სამივლინებო ხარჯები, რბილი ავეჯის ხარჯები, სატელეფონო ხარჯები, ბენზინის ხარჯები და ა.შ. ამითაც კი ჩვენ მსოფლიოში ვართ მეოთხე ადგილზე და ჩვენზე უკეთესი შედეგი აქვს აზერბაიჯანს, ყაზახეთს და სინგაპურს”, – აღნიშნავს ირაკლი აბესაძე.

მან მთავრობას მოუწოდა,  ბიუროკრატიის ხარჯები შეამციროს და ეს თანხები, ერთი მხრივ, მოახმაროს გადასახადების შემსუბუქებას ბიზნესისათვის, მეორე მხრივ კი, “თითოეული ოჯახისთვის ნორმალური დახმარების გაწევას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი