ბიზნესმენ ზაალ ჟვანიას ოჯახი სახელმწიფოსგან 3,8 მილიონი ლარის ვალის ანაზღაურებას ითხოვს.
ამ მიზნით გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახის წევრებმა და მათმა ინტერესების დამცველმა კახა კოჟორიძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან პრესკონფერენცია გამართეს. საქმე ეხება 22 წლის წინ დაწყებულ დავას ჟვანიას კუთვნილ ნავთობკომპანიასა და სახელმწიფოს შორის.
“ეს ოჯახი დაანგრია და გააპარტახა უსამართლობამ. ზაალ ჟვანია 4 თვის წინ გარდაიცვალა, ის 22 წელი ებრძოდა უსამართლობას. 90-იან წლებში ზაალ ჟვანიას ჰქონდა კომპანია, რომელიც ნავთობპროდუქტებით ვაჭრობდა. რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ ამ კომპანიისგან წაიღო ნავთობი და ფული არ გადაუხადა. რუსთავის მეტალურგიული კომბინატი იმ დროს იყო სახელმწიფოს საკუთრება, შესაბამისად, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ ვალს გაუქვითავდა გადასახადებში. ჩვენ გვაქვს 1998 წლის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ეს თანხა არის დაკისრებული. 1999 წლის ფინანსთა მინისტრის ბრძანება, სადაც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ ამ თანხას გადაიხდიდა და 2003 წლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც წერია, რომ სახელმწიფომ ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს”,- განაცხადა კახა კოჟორიძემ.
მისი თქმით, 2003 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჟვანიას ბრძოლა სამართლიანობისთვის თავად გახდა ზაალ ჟვანიას, მისი ოჯახის წევრებისა და თანამშრომლების დაკავების მიზეზი, ხოლო ბიზნესი გააკოტრეს.
“ქართული ოცნების” ხელისუფლების მხრიდან პოლიტპატიმრად იქნა ცნობილი და ისევ გაუჩნდათ იმედი, რომ ახლა მაინც რაღაც შეიცვლებოდა, მაგრამ ისევ გაგრძელდა უსამართლობა. ეს ოჯახი დღესაც ითხოვს, რომ დაუბრუნდეთ, რაც მათ ეკუთვნით”, – განაცხადა კოჟორიძემ.
მისი განმარტებით, ჟვანიების ოჯახის კუთვნილი კომპანია “ნაციონალის” მუშაობა ამ დროისთვის გაჩერებულია. ოჯახი არ ითხოვს 3,8 მილიონი ლარის დაუყოვნებლივ ანაზღაურებას, არამედ, დავის ფარგლებში, მორიგების გზით მზად არის, ბიზნესის საქმიანობა განაახლოს, თუ მთავრობა ვალს ეტაპობრივად, გადასახადებში გაუქვითავს.
კახა კოჟორიძის თქმით, 22-წლიანი მოგზაურობის შემდეგ ამჟამად საქმე ისევ უზენაეს სასამართლოშია. ჟვანიას ოჯახი ითხოვს, უზენაესმა სასამართლომ აღარ დააბრუნოს საქმე პირველ ინსტანციაში. უზენაეს სასამართლოში წაგების შემთხვევაში კი, კოჟორიძე ამბობს, რომ საქმეს სტრასბურგის სასამართლოში წაიღებს.
ზაალ ჟვანიას საქმის შესახებ კითხვით პრემიერ-მინისტრს 27 მაისს, პარლამენტში გამოსვლისას, დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმაც მიმართა და დაინტერესდა, როდის აღდგება სამართალი ჟვანიას ოჯახის მიმართ. გიორგი გახარიამ თქვა, რომ არ იცნობს ამ საკითხს და პასუხის გაცემა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს სთხოვა. მაჭავარიანის თქმით, ზაალ ჟვანიას კომპანიას დაახლოებით 23 მილიონი ეპატია და დამატებით უსამართლო პრეტენზია ჰქონდა.
“23 მილიონამდე არის ნაპატიები და იმ პერიოდში, მაგალითად, ეს თანხა აღიარებული რომ ყოფილიყო, შესაბამისად, ყველა ვარიანტში, 23 მილიონის ვალდებულება, იმ ორ თუ სამ მილიონს, თუ მეხსიერება არ მღალატობს, რაზეც პრეტენზია ჰქონდა, ის „შეუჭამდა“. ამიტომ, მე მგონი, არც სამართლებრივად და არც მორალურად ჩვენ არ ვგრძნობთ თავს დამნაშავედ და სუსტად“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ფინანსთა მინისტრის განცხადებას “უნამუსო, ცილისმწამებლური და უზნეო” უწოდა დღეს ზაალ ჟვანიას შვილმა ელენე ჟვანიამ.
“მას, ეტყობა, ჰგონია, რომ ზაალ ჟვანიას სახით პასუხის გამცემი არ ჰყავს. მე ამ საქმეს ვაგრძელებ და ტყუილებს არ შევარჩენ”, – აღნიშნა ელენე ჟვანიამ.