საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი აცხადებს, რომ რუსეთის მკლავჭიდის ფედერაციისგან მიიღო შეთავაზება ერთობლივი ტურნირის ჩატარების შესახებ. ჯაჭვლიანი ამბობს, რომ ფედერაცია ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობას გამორიცხავს, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ორგანიზაცია მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის მიერ დისკვალიფიცირებულია, რას მოიმოქმედებენ რიგითი სპორტსმენები, ფედერაცია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს:
„რუსეთის მკლავჭიდის ფედერაციის ხელმძღვანელი დაუკავშირდა ბატონ სოსოს და შესთავაზა. რადგან საქართველოს ნაკრები დისკვალიფიცირებულია და რუსეთის და ბელარუსიც ნაკრებებიც დისკვალიფიცირებული არიან, რუსეთის მკლავჭიდის ფედერაციისგან საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციამ მიიღო წინადადება, ერთად ჩაატარონ ჩემპიონატი სევასტოპოლში და რუსეთის მკლავჭიდის ფედერაციისგან საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციამ მიიღო სრული გარანტია იმისა, რომ სრულად დაფინანსდებოდა ყველა ხარჯი და წარმატებულ სპორტსმენებს მნიშვნელოვან ჯილდოებსაც გადასცემდნენ.
რა თქმა უნდა, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაცია გამორიცხავს ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ასეთი შემოთავაზება მოხდა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ მდგომარეობას, რაშიც ჩააყენა კულტურის და სპორტის სამინისტრომ ქართული მკლავჭიდი“, – ამბობს იურისტი კახა კოჟორიძე, რომელიც ფედერაციას კულტურისა და სპორტის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლო დავაში წარმოადგენს.
სოსო ჯაჭვლიანი კულტურის სამინისტროს მიმართავს, მიიღონ შესაბამისი ზომები და გადაიხადონ მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის წინაშე არსებული ჯარიმა, რადგანაც მიიჩნევს, რომ შემოსავლის გარეშე დარჩენილი სპორტსმენები შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის წინადადებას ინდივიდუალურად დასთანხმდნენ:
„მე აქედან მივმართავ სამინისტროს. თქვენ ხომ ძალიან კარგად იცით, რომ მე იქ წამსვლელი არ ვარ, მაგრამ არსებობს ცდუნება. ეს სპორტსმენები რომ ადგნენ თავის ინიციატივით და ჩავიდნენ და მათ გამოაცხადონ, რომ საქართველომ მონაწილეობა მიიღო, უკვე ჩათვლილია“, – ამბობს სოსო ჯაჭვლიანი.
მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის (WAF) აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მკლავჭიდის გაერთიანებული ეროვნული ფედერაცია საერთაშორისო ღონისძიებებიდან დისკვალიფიცირებულია. ინფორმაცია WAF-მა 28 სექტემბერს გაავრცელა და მიზეზად დაასახელა კონტრაქტის დარღვევა.
გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაცია და ქართველი ათლეტები მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ WAF– ის წევრების მიერ ორგანიზებულ ნებისმიერ საერთაშორისო ღონისძიებაში, მათ შორის, ევროპისა თუ მსოფლიო დონეზე დაგეგმილ ჩემპიონატებში.
გარდა ამისა, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციამ უნდა გადაიხადოს ფინანსური ჯარიმები დისკვალიფიკაციის მოსახსნელად.
მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის თქმით, ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ ეს “ძალიან მძიმე” გადაწყვეტილება მიიღო კონტრაქტის “სერიოზული” დარღვევის გამო, ვინაიდან საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციამ ვერ მოახერხა სპორტის აღნიშნულ სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზება. თავდაპირველი გეგმით ჩემპიონატი მიმდინარე წლის 21-27 სექტემბერს ბათუმში უნდა გამართულიყო.
საუბარია 900 000 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმაზე, რომლის გადახდასაც, კახა კოჟორიძის თქმით, მიუხედავად არსებული ვალდებულებისა, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არ აპირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მკლავჭიდის ფედერაცია სამინისტროსთან დავობს.