ახალი ამბები

მე და თქვენ ვერ შევთანხმდებით, არსებობენ თუ არა პოლიტპატიმრები – გახარია ხოშტარიას

27 მაისი, 2020 • 1003
მე და თქვენ ვერ შევთანხმდებით, არსებობენ თუ არა პოლიტპატიმრები – გახარია ხოშტარიას

გიორგი გახარია ელენე ხოშტარიას მიერ დასმულ კითხვაზე პასუხისას, რომელიც, მათ შორის, ეხებოდა გიორგი რურუასაც, ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა/არარსებობის საკითხზე ვერასდროს შეთანხმდებიან.

გახარიამ პარლამენტში დღეს თქვა, რომ ქვეყნისთვის უმთავრესი პრიორიტეტი გამჭვირვალე არჩევნებია, რისთვისაც შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა დამტკიცდეს.

„დღეს ქვეყნისთვის პირველი რიგის პრიორიტეტი არის ჯანსაღი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები. ამისთვის საჭიროა ის საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მისაღებია. ჩვენ, ყველამ ერთად, ეს ცლვილებები უნდა მივიღოთ.

მე და თქვენ, ქალბატონო ელენე, ვერასდროს შევთანხმდებით – ქვეყანაში პოლიტპატიმრები არსებობენ თუ არა. ვერ შევთანხმდებით, სამწუხაროდ. ეს არის ასეთი ფუნდამენტური პრობლემა, რომელსაც არ უნდა გადავაყოლოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი და სულ მალე ეს ყველაფერი გამოჩნდება და დალაგდება.

არანაირი შეგრძნებაც არ მაქვს იმის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და გუნდი უკან დაიხევს იმ ვალდებულებებისგან, რომელიც მას აღებული აქვს“, – ამბობს გახარია.


რურუა, რომელიც 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.

თავად რურუა არ აღიარებს ბრალს იარაღის უკანონოდ ტარების შესახებ და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ნოემბერში სასამართლოზე რურუამ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს, ნების წინააღმდეგ გაჩხრიკეს, ნების საწინააღმდეგოდ აუღეს დნმ-ის ნიმუში და იარაღი ჩაუდეს.

გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა სალომე ზურაბიშვილის შეწყალების საფუძველზე საპატიმრო 15 მაისს დატოვეს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” აცხადებდნენ, რომ “პოლიტიკური პატიმრების” – ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და გიგი უგულავას – გათავისუფლების გარეშე ისინი მხარს არ დაუჭერდნენ 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამ ცვლილებებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულ არჩევნებთან მიახლოებული სისტემით უნდა ჩატარდეს, რაც გულისხმობს 120 დეპუტატის პროპორციული, 30-ის კი მაჟორიტარული სისტემით არჩევას.

“ქართული ოცნება” აცხადებდა, რომ 8 მარტის შეთანხმება ვინმეს ციხიდან გათავისუფლებას არ გულისხმობდა და ამას არ აპირებდნენ, რასაც ევროპელი პოლიტიკოსებისა და ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან მკაცრი შეფასებები მოჰყვა. მათ ხელისუფლებას ღიად მოუწოდეს “პოლიტიკური პატიმრების” გათავისუფლებისკენ

მასალების გადაბეჭდვის წესი