ახალი ამბები

“თბილისში გამოკვლეული 1000 ადამიანიდან COVID-19-ზე ანტისხეულები 6-ს აღმოაჩნდა” – ცერცვაძე

27 მაისი, 2020 • 1049
“თბილისში გამოკვლეული 1000 ადამიანიდან COVID-19-ზე ანტისხეულები 6-ს აღმოაჩნდა” – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით,  კვლევის შედეგად, რომელშიც 1000 ადამიანი მონაწილეობდა, ახალ კორონავირუსზე ანტისხეულები 6 მათგანს აღმოაჩნდა.

ცერცვაძის თქმით, კვლევა თბილისში ჩატარდა და მისი მიზანი იყო გამოეკვლიათ, ჯანმრთელ მოსახლეობაში ადამიანების რა ნაწილს ჰქონდა გამომუშავებული COVID-19-ზე ანტისხეულები. ცერცვაძემ ასევე განმარტა, რომ გუშინ, 26 მაისს, ერთ-ერთი ტელეომპანიის ეთერში 6 ადამიანის ნაცვლად შეცდომით დაასახელა 6 პროცენტი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება:

“მე გუშინ კავკასიის ეთერში ვთქვი, რომ ჩვენ ვატარებთ მცირე კვლევას ჯანმრთელ მოსახლეობაში 1000 კაცზე. ჯერ არ დამთავრებულა ეს კვლევა , შედეგები ჯერ საბოლოოდ არ არის შეჯამებული. დავუშვი ტექნიკური, უნებლიე შეცდომა და ვთქვი, რომ წინასწარი მონაცემებით გვყავს 6-10 პროცენტი. მე უნდა მეთქვა 6-10 ადამიანი. ამ კვლევაში ჩართულებიდან გვყავს 6-10 ადამიანი, თუ დავაზუსტებთ, გვყავს 6 ადამიანი, დანარჩენი 4-ის შედეგები ზუსტდება.

კვლევა ჩავატარეთ თბილისის  იმ მოსახლეობაში, რომელიც ავად არ ყოფილა. გამოვიკვლიეთ 1000 კაცი და ამ ათასი ადამიანიდან ექვსს აღმოაჩნდა კოვიდ 19 -ის ანტისხეულები. კვლევა ჩატარდა სწრაფი მარტივი ტესტით. ეს არ ნიშნავს, რომ ეს 6 კაცი არის ავადმყოფი –  მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ისინი არიან სეროპოზიტიურები და მათ აქვთ ანტისხეულები. მსგავსი კვლევა მთელ მსოფლიოში ტარდება, რომ დაადგინონ, რა შეფარდებაა ავადმყოფებისა და სეროპოზიტიური ადამიანების რაოდენობას შორის. ეს გახლავთ 0.6 პროცენტი გამოკვლეულების”, – ამბობს ცერცვაძე.

მისი თქმით, ამ დროისთვის ეს მონაცემი ზოგადი დასკვნების საშუალებას არ იძლევა, ვინაიდან უნდა მოხდეს მათი გადათვლა მთელ მოსახლეობაზე, რასაც შესაბამისი წესები აქვს:

“ჩვენ საქართველოში არ ჩაგვიტარებია კვლევა, ქალაქ თბილისის მოზრდილ მოსახლეობაში ჩავატარეთ, რომელიც არის დაახლოებით 860 ათასი. კვლევაში მონაწილეობდა 1000 ადამიანი. ამას ნუ ჩათვლით საბოლოოდ,  ჯერჯერობით მხოლოდ შევაგროვეთ მონაცემები.  ეს შედეგები მუშავდება, ამას თავის წესები აქვს და ეს მონაცემი შეიძლება მცირედით გაიზარდოს, ან შემცირდეს. ახლა უნდა მოხდეს ამ მონაცემის გადათვლა მთელ მოსახლეობაზე, თუ როგორ იქნება ეს”, – ამბობს ცერცვაძე.

მისი თქმით, ეს მონაცემი გაცილებით მცირეა, ვიდრე სხვა ქალაქებში, მაგალითად, ნიუ იორკში, სადაც ანტისხეულები მოსახლეობის 21 პროცენტს ჰქონდა, ლოს ანჯელესში -4, სტოკჰოლმში კი ერთი კვლევით- 7.5, მეორეთი 10 პროცენტი იყო. აღნიშნული, ცერცვაძის თქმით, საქართველოში დაავადებულთა მცირე რაოდენობით აიხსნება:

“ჩვენთან ავადმყოფების რაოდენობა ცოტაა და, შესაბამისად, სეროპოზიტიური ადამიანების რაოდენობაც ცოტაა. ნიუ იორკში, სტოკჰოლმსა და ლოს ანჯელესში ავადმყოფების რაოდენობა დიდია, ამიტომ სეროპოზიტიური ადამიანების რიცხვიც დიდია”, – ამბობს ცერცვაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი