ახალი ამბები

“პოლიტიკური მოცეკვავის თემა” – გახარია მოქალაქეების დაბრუნებაზე კრიტიკას პასუხობს

27 მაისი, 2020 • 606
“პოლიტიკური მოცეკვავის თემა” – გახარია მოქალაქეების დაბრუნებაზე კრიტიკას პასუხობს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში გამოსვლისას, სადაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ანგარიში წარადგინა, ტესტირებისა და უცხოეთში მყოფის საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხებზე კრიტიკას გამოეხმაურა.

გახარიას თქმით, “სამწუხაროა, რომ პატარა ქვეყანაში, რომელიც პანდემიას ებრძვის და რომლის რესურსებიც შეზღუდულია, ტესტირება პოლიტიკური სპეკულირების თემა ხდება”.

“მსოფლიოში არსებობს ერთადერთი ოქროს სტანდარტი – PCR ტესტირება. როდესაც პირველი შემთხვევები იყო საქართველოში, დღეში ტარდებოდა 75-მდე ტესტირება. დღეს ტარდება 2 500. უახლოეს პერიოდში ჩატარდება 3 000 და ჯანდაცვის უწყებებს აქვთ მიღებული დავალება, რომ სექტემბრის ბოლომდე ქვეყანას შეეძლოს 10 000 PCR ტესტის ჩატარება. სანამ ქვეყანაში არ იქნება შესაძლებლობა, დღეში გარკვეული რაოდეონობის ოქროს სტანდარტის ტესტის ჩატარება, ყველა სახის ნაჩქარევი და სწრაფი გახსნა არის ადამიანების სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით კი გახარია საუბრობს “ათასი შარლატანის” გამოჩენაზე, რომელიც მთავრობას სთავაზობდა სწრაფ ტესტებს, მათ შორის, დეპუტატების და ბიზნესმენების დონეზე.

“ჩვენ ამაზე გააზრებულად უარი ვთქვით იმიტომ, რომ მაღალი სტანდარტის PCR ტესტები და გამართული საკარანტინე სივრცეები გვქონდა”, – დასძინა გახარიამ.

მან ასევე ისაუბრა მთავრობისადმი გამოთქმულ კრიტიკაზე უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით.

“ძალზედ აქტუალური თემაა ზოგიერთი პოლიტიკური მოცეკვავის ჩვენი მოქალაქეების საზღვარგარეთიდან დაბრუნება. სულ დღეს საქართველოში სახელმწიფოს დახმარებით და ორგანიზებულად დაბრუნებულია 12 720 ადამიანი. 21 198 ადამიანს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადგილზე გაუწია დახმარება. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. სამწუხაროდ, საქართველოდან ასობით ათასი ადამიანია გასული სამუშაოდ და ეს არ მომხდარა არც გუშინ და არც დღეს.

როდესაც ამბიციურ პროგრამებს ვაანონსებთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანას აქვს შეზღუდული რესურსი და ამ პერიოდში, როდესაც არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება პანდემია, საქართველოს მთავრობის ამოცანაა, მის ხელთ არსებული რესურსი უაღრესად ეფექტურად და ხელმომჭირნედ გამოიყენოს. ჩვენ ვიყავით ყველგან, სადაც საქართველოს მოქალაქეს სჭირდებოდა დახმარება და ქართული ეკონომიკა გვაძლევდა ამის საშუალებას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი