ახალი ამბები

რატომ ვერ უზრდის მთავრობა ეკლესიას დაფინანსებას მიტროპოლიტის აზრით

26 მაისი, 2020 • 1221
რატომ ვერ უზრდის მთავრობა ეკლესიას დაფინანსებას მიტროპოლიტის აზრით

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი აცხადებს, რომ ეკლესიას სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული 25-მილიონიანი დაფინანსების გაზრდა სურს, რადგან შესაბამისი საჭიროება არსებობს, თუმცა მთავრობა ამას არ აკეთებს, რადგან ამას რეაქცია მოჰყვება. ამის თაობაზე მან ტვ პირველის გადაცემა “რეაქციაში” ისაუბრა, სადაც მედიის ნაწილს პირდაპირ უწოდა “ეკლესიის მტრები” კრიტიკის გამო.

“რომ იძახით, მთავრობას ჩვენი ხელშეწყობა უნდა [საარჩევნოდ] , მაშინ ამას გაგვიკეთებდა, მაგრამ იმიტომ არ აკეთებს მთავრობა, რომ დაიწყება… მიადგებით და დაიწყებთ”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

გადაცემის წამყვანის, ინგა გრიგოლიას კითხვაზე, თქვენი სურვილი არის [ბიუჯეტის გაზრდა], მან უპასუხა.

“რა თქმა უნდა. 1.25 რომ იყო დოლარი, ეკლესიაში სანთელი მაშინაც 20 თეთრი ღირდა და დღესაც 20 თეთრი ღირს. ე.ი. ეკონომიკა სამჯერ დაეცა, ხომ?”, – ამბობს ის.

მღვდელმთავრის თქმით, მას ეკლესიის კუთვნილ გიმნაზიაში უჭირს კვალიფციური კადრების შენარჩუნება არსებული ბიუჯეტის გამო, რადგან შესაბამისი სტატუსის მქონე მასწავლებლებს საერო სკოლაში უფრო მეტ ხელფასს უხდიან.

ფოტო – ტელეკომპანია იმედი


ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ქადაგებაში საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების მიზანშეწონილობაზე ისაუბრა, ამბობს, რომ მისი სიტყვები არასწორად იქნა ინტერპრეტირებული. გაეცანით მის განმარტებას ამ თემაზე:

ანტიდასავლური გზავნილები მიტროპოლიტ ანტონისგან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი