ახალი ამბები

“ღმერთმა ნუ ქნას” – მიტროპოლიტი ანტონი რეფერენდუმზე

26 მაისი, 2020 •
“ღმერთმა ნუ ქნას” – მიტროპოლიტი ანტონი რეფერენდუმზე

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ქადაგებაში საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების მიზანშეწონილობაზე ისაუბრა, ამბობს, რომ მისი სიტყვები არასწორად იქნა ინტერპრეტირებული. ამ საკითხზე მღვდელმთავარმა ტვ პირველის გადაცემა “რეაქციაში” ისაუბრა.

“თქმას გაგებაც უნდა”, – განაცხადა მიტროპოლიტმა და დასძინა, რომ მან გრამატიკულად ვერ გამიჯნა სიტყვები, თორემ სინამდვილეში იმ ძალებს გულისხმობდა, რომლებიც ეკლესიას ებრძვიან და, ამადვროულად, პროდასავლურ ფლანგზე პოზიციონირებენ.

“ნუ მომაწერთ იმას [პრორუსულობას] რაც ჩემში არ არის. აღელევბული ადამიანი… კისერში მაქვს ამოსული ლანძღვა – გინება”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

“ღმერთმა ნუ ქნას, რას ბრძანებთ”, – თქვა მან ასეთი რეფერენდუმის შესაძლებლობაზე.

“მე როცა ვამბობ, რომ ევროპული ღირებულებები არის კარგი… ვეღარ ვიცავ იმიტომ, რომ ამათი ღირებულებები, რომლებიც 24 საათი ეკლესიას ლანძღავენ, ნეგატივს ეძებენ… ვეღარ ვიცავ. ესენი თან ევროპული ღირებულებების დამცველად მოგვევლინებიან”, – აცხადებს მღვდელმთავარი.

ინგა გრიგოლიას კითხვაზე, ვის გულისხმობს ამ ძალებში, მან განაცხადა, რომ საუბრობს “ოპოზიციის ნაწილზე, მედიის მტრულად განწყობილი ნაწილზე, ასევე, არასამთავრობოებზე”.

“შემდეგში ალბათ შევქმნი გამოძიების ჯგუფს ან საპატრიარქოსთან არსებულს ან… რომ ყველა ჩავიწეროთ ესენი ვინ არიან, სახელებით და გვარებით…”, – განაცხადა მან.

მიტროპოლიტის თქმით, მედიის ნაწილი გამუდმებით ნეგატიურად აფასებს ეკლესიის წარმომადგენლების საქმიანობას.

“მაჩვენეთ, ერთი დადებითი სიუჟეტი როდის გაკეთდა ეკლესიაზე? ჯიპები, 25 მილიონი , რას ჰქვია, ტყე გადასცეს… აბუქებთ. 30-ჯერ განგიმარტეთ, სად იხარჯება ეს ფული. ჩემზე ამბობენ, მილიონერიაო, დამიდეთ [ფაქტი]”, – ამბობს მიტროპოლიტი და დასძენს, რომ უშუალოდ პირადად მისი ქონების, კერძოდ მიწის ნაკვეთის საკითხზე გუშინ ტელევიზიით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.

“ჯერ ერთი, რატომ აზარებთ შეძლებულ კაცს, ნეტავი მქონდეს.”

რაც შეეხება ტყეების საკითხს, მიტროპოლიტის თქმით, ეს არავითარი საარჩევნო გარიგება არაა მთავრობასა და ეკლესიას შორის.

“25 წელია მღვდელმთავარი ვარ, 20 წელია ამ ტყეების საკითხზე გვაქვს შეტანილი [ინიციატივა], მოუწია ახლა. რა ვქნათ…”.

კითხვაზე, ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან დასავლეთის კრიტიკა ხელისუფლების დავალება ხომ არ არის, რომ მას შესაძლოა საგარეო აქტორებისთვის სამაგიეროს გადახდა სურს ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და ამისთვის ეკლესიის დახმარებას იყენებს, მიტროპოლიტმა უპასუხა, რომ საიდანაც ასეთი დაშვება მოდის, სწორედ ასეთი მსჯელობიდან გამომდინარე დასვა მან კითხვა, ხომ არ ავალებს ეკლესიის მოწინააღმდეგეებს დასავლეთი საპატრიარქოს ლანძღვას.

“იქ ჩემი ნაგულისხმები ასე გაგებული და ინტერპრეტირებული იქნა. მე გავმიჯნე კიდეც, ეს არ არის ევროპა, ვინც ჩვენ გვიტევს”, – თქვა მიტროპოლიტმა და დასძინა, რომ სინამდვილეში მას ძალიან მოსწონს ევროპის მთავარი ღირებულება.

“მე-17 და მე-18 საუკუნეში ევროპაში მიხვდნენ, რომ ადამიანის კეთილდღეობა არის კარგი საზოგადოების შექმნა და არა მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა. გარემო უნდა იყოს კარგი, ის კი არა, რომ ჩემი სახლის იქით არ მაინტერესებდეს. ევროპა მიხვდა, რომ კარგი და ღიმილიანი საზოგადოების შექმნა არის ღირებულება”, – აცხადებს ის და დასძენს, რომ ქართული მედიის ნაწილში აქცენტი ამის საპირისპიროდ მხოლოდ ნეგატივზე კეთდება.

“ვიღაც მეცნიერს, ხელოვანს დაბადების დღე არ აქვს? მიულოცეთ, რაღაც პოზიტივიც წამოწიეთ, დაიღალა ხალხი. ეკლესიაში დადებითი არ ხდება?…

… გუშინ მღვდელმთავარს 60 წელი შეუსრულდა, რომელიმე ტელევიზიას გეთქვათ, რომ მეუფეს შეუსრულდა 60 წელი.

…ჩემი გზავნილი იყო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მტრულად არიან განწყობილნი ეკლესიისადმი”, – აცხადებს მიტროპოლიტი.

ამავე თემაზე

ანტიდასავლური გზავნილები მიტროპოლიტ ანტონისგან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი