ახალი ამბები

ვინ ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

26 მაისი, 2020 • 3356
ვინ ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს დღე საქართველოს მიულოცა არაერთმა სახელმწიფომ თუ უცხოელმა პოლიტიკოსმა. ნეტგაზეთმა მილოცვებს თავი მოუყარა (სია განახლდება).

დონალდ ტრამპი, მაიკ პომპეო, კელი დეგნანი, ადამ კინზინგერი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, ელჩმა კელი დეგნანმა და კონგრესმენმე ადამ კინზინგერმა მიულოცეს.

„ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს — 26 მაისს!“, — წერს ტრამპი გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ წერილში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე მოსალოცი წერილი გამოაქვეყნა მაიკ პომპეომაც, Facebook-გვერდზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა კელი დეგნანმა, ასევე ვიდეომიმართვა ჩაწერა ადამ კინზინგერმა, რომლის თქმითაც, „თქვენ [საქართველო] აშშ-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხართ და გვინდა ვიხილოთ ძლიერი და სტაბილური დემოკრატია საქართველოში“.

ემანეულ მაკრონი

დამოუკიდებლობის დღე საქართველოს მიულოცა საფრანგეთის პრეზიდენტმა  ემანეულ მაკრონმა სალომე ზურაბიშვილისთვის გამოგზავნილ წერილში.

„საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით თქვენ და ქართველ ხალხს ბედნიერებასა და კეთილდღეობას გისურვებთ“, — წერს მაკრონი ზურაბიშვილს.

ალექსანდრე ლუკაშენკო

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს წერილი ბელარუსის პირველმა პირმაც გამოუგზავნა. ამის შესახებ ცნობა ლუკაშენკოს საიტზე გამოქვეყნდა.

„ალექსანდრე ლუკაშენკომ სალომე ზურაბიშვილს კარგი ჯანმრთელობა, ბედნიერება და საპასუხისმგებლო სახელმწიფო საქმიანობაში წარმატებები უსურვა, საქართველოს ხალხს კი- მშვიდობა და კეთილდღეობა“, — წერია განცხადებაში.

ელისაბედ II

გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის წერილი სამეფოს საელჩომ გამოაქვეყნა. „დიდი სიხარულით გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს. საუკეთესო სურვილებით თქვენ და საქართველოს მოსახლეობას“, — წერს იგი.

შავკათ მირზიოევი

უზბეკეთის პრეზიდენტის მოლოცვა მისმა პრეს-სამსახურმა „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა. „უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა შავკათ მირზიოევმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა“, — აღნიშნულია განცხადებაში.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

„საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ესტონეთის ყოველთვის იქნება ახლო და სანდო მეგობარი“, — წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ტვიტერში“.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველი! საუკეთესო სურვილებით პოლონელი მეგობრებისგან! გილოცავთ“, — წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!“, — წერს ინდოეთის საგარეო უწყება.

ვოლოდიმერ ზელენსკი, უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტრო

„მიიღეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით“, — წერს ზელენსკი ზურაბიშვილს.

„გამოვხატავთ ჩვენს უთბილეს მილოცვას საქართველოს მეგობრული ხალხისთვის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად! გისურვებთ მშვიდობას, კარგად ყოფნას და აყვავებას. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, საქართველო!“, — წერს უკრაინული საგარეო უწყება.

საგარეო უწყების გარდა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროც ულოცავს.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მინისტრი

„მაქსიმალურ გულწრფელი მილოცვა ქართველ ხალხს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს! ვუსურვებთ ჩვენს მეგობრებს მშვიდობას, უსაფრთხოებასა და აყვავებას!“, — წერს ლატვიური მხარე.

სამინისტროს გარდა, დამოუკიდებლობის დღე საქართველოს პირადად მინისტრმა, ედგარს რინკევიჩმაც მიულოცა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო

„საუკეთესო სურვილები და მილოცვა მეგობრულ ქართხელ ხალს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. საქართველოს მეგობრულ ხალხს ვუსურვებთ კარგ ჯანმრთლობას, წარმატებას და აყვავებას“, — წერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

„ვუგზავნით გულწრფელ მილოცვას ქართველ ხალხს და ჩვენს კოლეგებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მათი ეროვნული დღის ზეიმისას. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!“, — წერს ალბანეთის საგარეო უწყება.

ნორვეგიის ელჩი საქართველოში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ნორვეგიის ელჩი ჰელენ სანდ ანდერსენი Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ულოცავს.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა საკუთარი მილოცვა „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა — „ჩემი უთბილესი მილოცვა საქართველოს და მის ხალხს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით“, — წერს იგი.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს „ტვიტერში“ გამოეხმაურა გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო! დეოკუპაცია რუსული ძალებისგან, დემოკრატიის გაძლიერება და სხვა პრობლემები დგას თქვენს გზაზე სრული დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის. ამ ბრძოლაში მარტო არ ხართ. ვიზიარებთ საერთო ევროპულ წარსულსა და საერთო ევროპულ მომავალს“, — წერს იგი.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზოჰრაბ მნათსაკიანი ულოცავს — „თბილი მილოცვა საქართველოს, მის ხალხსა და მთავრობის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ჩვენ დიდად ვაფასებთ სომხეთ-საქართველოს მეგობრობას, რომელიც დაფუძნებულია ისტორიაზე, საერთო ღირებულებებზე და თანამშრომლობისა და პარტნიორობის ხანგრძლივ დინამიკაზე. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, — წერს იგი.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი და სეიმი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა და სეიმმა (პარლამენტმა).

„ვუგზავნით ჩვენს ყველაზე გულწრფელ მილოცვას ქართველ ხალხს, რომელიც დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნინავს. ლიეტუვა მხარს უჭერს თქვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. მთელი გულით ვულოცავთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს!“, — წერს მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი.

დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს ლიეტუვას სეიმიც „ტვიტერში“ ულოცავს.

ესპანეთის კონგრესისა და ესპანეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები

„გვსურს ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს, საქართველოს, ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის სახელით მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე“, — აცხადებენ მერიტჩელ ბატეტ ლამანია (ესპანეთის კონგრესის თავმჯდომარე) და ანტონიო გუტიერეს ლიმონესი (ესპანეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე) საქართველოს პარლამენტის მიერ გამოგზავნილ პრეს-რელიზში.

ევროპის სახალხო პარტია (EPP)

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა „ევროპის სახალხო პარტიამ“. „ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს ჩვენ ქართველ მეგობრებს“, — წერს პარტია.

ჯეიმს აპატურაი

„გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს,საქართველო!! თქვენ ეს დაიმსახურეთ. ბევრს მუშაობთ მის შესანარჩუნებლად. გილოცავთ“, — წერს NATO-ს წარმომადგენელი კავკასიაში.

ნიკოლ ფაშინიაინი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, სომხური მედიის ცნობით, ქართველ კოლეგას მისალოცი წერილი გამოუგზავნა. „სითბოთი გილოცავთ თქვენ და საქართველოს კეთილ ხალხს ეროვნულ — დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს“, — ციტირებენ ფაშინიანს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს პრეზიდენტის ვებ-გვერდის ცნობით, მილოცვა ზურაბიშვილმა თურქეთის პრეზიდენტისგან, რეჯეფ თაიფ ერდოღანისგან მიიღო — „ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი და ჩემი ხალხის სახელით გულითადად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულს“, — აცხადებს ერდოღანი.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება „ტვიტერში“ გამოაქვეყნა. „ვულოცავთ საქართველოს, ჩვენს მეგობარს, მეზობელს და სტრატეგიულ პარტნიორს 26 მაისს — დამოუკიდებლობის დღეს. გაუმარჯოს საქართველოს!“, — წერს სამინისტრო.

ევროვიზია

„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!“, — წერს კონკურსის ანგარიში „ტვიტერში“.

სერჯო მატარელა

„პირადად ჩემი და იტალიელი ხალხის სახელით, მეძლევა სასიამოვნო შესაძლებლობა, გულითადად მოგილოცოთ თქვენ და საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“, — წერს იტალიის პრეზიდენტი ზურაბიშვილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი