ახალი ამბები

ლაშა ჩხარტიშვილის საქმე 10 ივნისამდე გადაიდო

25 მაისი, 2020 •
ლაშა ჩხარტიშვილის საქმე 10 ივნისამდე გადაიდო

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრისა და სამოქალაქო აქტივისტის, ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი 10 ივნისამდე გადაიდო. ინფორმაცია ნეტგაზეთს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.

მანამდე ცნობილი იყო, რომ ჩხარტიშვილის საქმე, რომელიც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს, სასამართლოს დღეს უნდა განეხილა.

ჩხარტიშვილი დღეს, 25 მაისს, ვაზისუბანში, ალუბლების ქუჩაზე გამართულ აქციაზე დააკავეს, სადაც მოსახლეობა კორპუსების მშენებლობას აპროტესტებს.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჩხარტიშვილი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 1 000-დან 4 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისის მერიამ ალუბლების ქუჩაზე 2 მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა კომპანია „ენ აი დიზე“ 2019 წლის 11 დეკემბერს გასცა. მოსახლეობა იგივე ადგილზე სკვერის ან სპორტული მოედნის გაშენებას ითხოვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი