ახალი ამბები

ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს – პროკურატურა

24 მაისი, 2020 • 2856
ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს – პროკურატურა

ცნობილი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, სავარაუდოდ, ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

ნეტგაზეთს პროკურატურამ დაუდასტურა, რომ ბასილაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს –  რაც ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით გულისხმობს.

ამ დროისთვის [12:30]თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს.

ინფორმაცია ბასილაშვილის დაკავების შესახებ, თავდაპირველად „მთავარმა არხმა“ გაავრცელა. ამასთანავე, „რადიო თავისუფლება“ წერს, რომ სპორტსმენი 22 მაისს დააკავეს, შემაკავებელი ორდერი კი გამოწერილია მის მამაზეც.

რაც შეეხება ბასილაშვილის ყოფილ ცოლს, ნეკა დოროყაშვილს, მისი თქმით, ძალადობას ადგილი მაშინ ჰქონდა, როდესაც ის ბასილაშვილთან შვილის წამოსაყვანად მივიდა.

ამასთანავე დოროყაშვილი ამბობს, რომ მისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, მას და მის შვილს ბასილაშვილის მამა გამოეკიდა – „გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს რაღაც იარაღით. თვითონ იძახის, რომ ეს იყო გიტარა, მე ამას ვერ ვადასტურებ. რადგან დიდი ტარი ჰქონდა, მე ნაჯახი მეგონა“ – ამბობს დოროყაშვილი რუსთავ 2-თან საუბარში. 

განახლება:

ნიკოლოზ ბასილაშვილს სასამართლომ აღკვეთის სახით გირაო შეუფარდა

მასალების გადაბეჭდვის წესი