ახალი ამბები

რა შეზღუდვები რჩება 23 მაისიდან

22 მაისი, 2020 • 1698
რა შეზღუდვები რჩება 23 მაისიდან

პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს, 22 მაისს, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უქმდება, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში დაწესებული შეზღუდვების ნაწილი კვლავაც რჩება.

მთელი რიგი ეკონომიკური თუ სხვა საქმიანობის აკრძალვა, ჩიქოვანის თქმით, პარლამენტის მიერ დღეს მიღებული კანონის საფუძველზე ნარჩუნდება.

საუბარია “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პაკეტიზე, რომლის მიხედვით, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება შემზღუდავი საკარანტინო ღონისძიებების გატარება, რომლებიც გულისხმობს გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომისა და სხვა უფლებების შეზღუდვას.

ირაკლი ჩიქოვანმა ჩამოთვალა ის შეზღუდვები, რომლებსაც მთავრობა 23 მაისიდან კვლავ ძალაში ტოვებს:

  • ტაქსის მძღოლები ვალდებულები იქნებიან პირბადეები გამოიყენონ
  • იმ სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი, რომელიც Covid-19-თან ბრძოლისთვის აუცილებელია
  • რესტორანში, ბარსა თუ კაფეში მომხმარებლების ადგილზე კვებით მომსახურება
  • სასტუმროების მომსახურება, გარდა საკარანტინო ზონებისა
  • ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა, გარდა ონლაინ ვაჭრობისა
  • მოლებისა და ე.წ. ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომლებიც საქმიანობას აგრძელებენ
  • სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ამ ხასიათის ღინისძიებების ჩატარება
  • აზარტული და მომგებიანი თამაშების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული ფომით
  • დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადეების ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში, და სოციალური დისტანციის დაცვა
  • შეზღუდვები ნარჩუნდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე

ჩიქოვანის თქმითვე, ამ შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზე პრემიერის მეთაურობით შექმნილ საკოორდინაციო საბჭოზე იმსჯელებენ და გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღებენ.

პრემიერის პრესსპიკერმა ასევე განაცხადა, რომ 23 მაისიდან ავტომობილებში მხოლოდ სამი ადამიანის ყოფნის მოთხოვნა უქმდება და ეს მოთხოვნა მხოლოდ ტაქსების შემთხვევაში იარსებებს. 23 მაისის თორმეტი საათიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უქმდება, შესაბამისად, უქმდება კომენდანტის საათიც.

ირაკლი ჩიქოვანის თქმითვე, მთავრობა ასევე აუქმებს შეზღუდვას, რომლითაც 70 წელს ზემოთ ადამიანებს სახლიდან გასვლას უკრძალავდა. “თუმცა, რადგან ეს ადამიანები მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, რეკომენდაციით მივმართავთ, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარდა, სახლიდან არ გავიდნენ”,-ამბობს ჩიქოვანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი