ნეტგაზეთი | საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა – Netgazeti

საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 79 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთვის ტყის მასივის საკუთრებაში გადაცემა ხდება შესაძლებელი. კანონი ძალაში შევა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი მოაწერს ხელს.

საუბარია “ტყის კოდექსში” შემავალ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, მართლმადიდებელ ეკლესიას შეეძლება, ყველა ეკლესია-მონასტრის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს.

კანონპროექტს აკრიტიკებდა ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. მათი შეფასებით, ხელისუფლება კანონს წინასაარჩევნოდ იყენებდა. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაიებში მიიჩნევდნენ, რომ ცვლილებები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებდა და ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევდნენ.

კანონპროექტის კენჭისყრაზე გამოტანამდე საკომიტეტო მოსმენაზე გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კრიტიკა უსაფუძვლოა და აღნიშნული კანონპროექტით საპატრიარქოს ვალდებულებები ემატება:

“მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს ჩვენ არჩევნების წინ ვაპირებთ საპატრიარქოს გადავულოცოთ ტყეები და საკუთრების უფლება ტყეებზე. მე და ყველა, ვისაც კოდექსი წაკითხული აქვს, ვიცით, რომ ამ კანონპროექტით საპატრიარქოს თუკი მიეცემა ტყეები გარკვეული რაოდენობით იმ ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიით, რომელიც ტყის ფონდშია განთავსებული, მას მეტი ვალდებულებები ექნება ამ კოდექსით, ვიდრე უფლებები.

ისინი მოიცავს მოვლას, აღდგენას, ტყის მდგრად მართვას, სატყეო სპეციალისტების დაქირავებას, ინვენტარიზაციას, მართვის გეგმების შექმნას და ა.შ. ისევე, როგორც ყველა სხვა ტყით მოსარგებლეს. ამიტომ, თითქოს ჩვენ უსასყიდლოდ ვაძლევთ საპატრიარქოს ტყის მასივებს, მორიგი ტყუილი და შეურაცხყოფაა”, – ამბობს გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.

ვრცლად ამ თემაზე წაკითხეთ:

ყველა ეკლესიას თავის გარშემო 20 ჰა-მდე ტყის ფლობა შეეძლება – კანონპროექტი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.