ახალი ამბები

გაგვეხსნა ახალი პოლიტიკური ფრონტი პოლიტიკური მასკარადის სახით – გახარია ოპოზიციაზე

22 მაისი, 2020 • 846
გაგვეხსნა ახალი პოლიტიკური ფრონტი პოლიტიკური მასკარადის სახით – გახარია ოპოზიციაზე

პრემიერი გიორგი გახარია ამბობს, რომ პანდემიასთან ბრძოლის პირობებში საპარლამენტო ოპოზიციამ “პოლიტიკური ფრონტი” გაუხსნა, რასაც “პოლიტიკურ მასკარადს” უწოდებს.

საუბარია “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონში, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლის მიღებასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება. აღნიშნული ცვლილებებით ხელისუფლებას ექნება უფლება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე პარლამენტის გვერდის ავლით დააწესოს შეზღუდვები.

“გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი, პოლიტიკური ფრონტი, რაღაც პოლიტიკური მასკარადის სახით, რომელმაც რისკის ქვეშ დააყენა და შესაძლოა დააყენოს ადამიანების ჯანმრთელობა. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ყველა ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იქნება. ვერავინ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ მთავრობამ იზრუნოს ადამიანის ჯანმრთელობაზე”,-განაცხადა გახარიამ.

დიმიტრი ხუნდაძის მიერ მომზადებულ კანონპროეტს, რომელიც ხელისუფლებას უფლებას აძლევს საგანგებო მდგომაროების დაწესების გარეშე შემზღუდავი ზომები გაატაროს, გუშინ, 21 მაისს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

გიორგი გახარია ასევე აცხადებს, რომ მსოფლიო პანდემიის პირობებში მთავრობის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციაზე საუბარი “ღიმილის მომგვერელია”, რასაც მოწმობს ქვეყანაში ორი თვის განმავლობაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობაც. პრემიერის მტკიცებით, ორი თვის მანძილზე “მთავრობა უკიდურესად ფრთხილად იქცეოდა” და “არაფერს შეხებია”:

“ყველანაირი საკანონმდებლო ჩარჩო შექმნილია და საკონსტიტუციო წესრიგი დაწესებულია იმისთვის, რომ მისი უპირველესი ღირებულება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლეა. ღიმილის მომგვერელია ხელისუფლების კონცენტრაციაზე ლაპარაკი პანდემიის პირობებში. ბოლოს და ბოლოს, ამ ხალხს დაანახეთ ბოლო ორი თვის მანძილზე, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მთავრობა როგორ იქცეოდა. უკიდურესად ფრთხილად, საერთოდ არ შევხებივართ არაფერს. თან ვეუბნებით, რომ გამოხატვის თავისუფლება პრობლემა არ არის… სამწუხაროა ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საკითხებზე, რომლებიც ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება. ეს შემდგომ უკვე ეხება ეკონომიკის აღორძინებას, ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ხარისხიან არჩევნებს… აქ დათმობის არც უფლება და არც შესაძლებლობა უბრალოდ არ გვაქვს.”

კანონპროექტს ეწინააღმდეგება ოპოზიცია, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ თქვა, რომ ეს არის “დიქტატორული კანონი”, რომელიც მთავრობას აძლევს რეპრესიების, პოლიტიკური დევნისა და ადამიანის უფლებების შეზღუდვის ინსტრუმენტს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი