ნეტგაზეთი | საქართველოს ოკუპაცია მის ნატოში მისაღებად საკმარისია – კინზინგერი საქართველოს ოკუპაცია მის ნატოში მისაღებად საკმარისია – კინზინგერი – Netgazeti

საქართველოს ოკუპაცია მის ნატოში მისაღებად საკმარისია – კინზინგერი

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპაცია საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ ქვეყანა ნატოში მიიღონ.

„ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ადამ კინზინგერი ყვება, რომ მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, რუსეთი მაინც აგრძელებს საქართველოსთვის პრობლემების შექმნას.

„რუსეთი ნეგატიურ როლს თამაშობს არა მხოლოდ გავლენის, არამედ მასობრივი არასტაბილურობის შექმნის კუთხითაც. მათ ეს იციან, რუსეთი ასე იქცევა. რუსეთი ბევრად უფრო სუსტი ქვეყანაა, ვიდრე ამერიკა. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეუძლია, მსგავსი ცალკეული ნაბიჯებია. ისინი გააგრძელებენ პრობლემების შექმნას.

როგორც ევროპელ ლიდერებს ვუთხარი გუშინ ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას – დროა ორმაგად უფრო ჩართული ვიყოთ საქართველოში, რომ რუსეთს ჩვენი ბულინგის საშუალება არ მივცეთ. ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია, ჩემთვის საკმარისია იმისთვის, რომ ნატოში მივიღოთ.

ისეთმა სუსტმა ქვეყანამ, რომელსაც რუსეთი ჰქვია, არ უნდა შეგვაშინოს“, – ამბობს კინზინგერი.


20 მაისს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების სააგენტო „რესმა“ და რუსეთის სახელმწიფო მედიამ „სპუტნიკმა“  დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმადაც, “ლუგარის ლაბორატორიის წარმომადგენლები ცდილობდნენ”, დე ფაქტო საზღვართან, “ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთა დახმარებით, „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ბიოლოგიური მასალა აეღოთ”.

21 მაისს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა სადამკვირვებლო მისიაც — გავრცელებული განცხადების თანახმად, „არაზუსტად და მცდარად აისახა 26 აპრილს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ქმედება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ“.

მისია აგრეთვე კატეგორიულად უარყოფს „ცრუ ცნობებს, რომელიც მისიის წინააღმდეგ მიმართული უპასუხისმგებლო დეზინფორმაციის მორიგ მაგალითს წარმოადგენს“.

ვგმობთ ე.წ ბორდერიზაციასა და რუსეთის მხრიდან გახშირებულ პროვოკაციებს – საგარეო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან