ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თბილისიდან ბიოლოგიური საფრთხის შესახებ ცხინვალის განცხადებას EUMM ეხმაურება

21 მაისი, 2020 • 1441
თბილისიდან ბიოლოგიური საფრთხის შესახებ ცხინვალის განცხადებას EUMM ეხმაურება

20 მაისს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების სააგენტო „რესმა“ და რუსეთის სახელმწიფო მედიამ „სპუტნიკმა“  დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმადაც, “ლუგარის ლაბორატორიის წარმომადგენლები ცდილობდნენ”, დე ფაქტო საზღვართან, “ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთა დახმარებით, „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ბიოლოგიური მასალა აეღოთ”.

რას აცხადებს ცხინვალის სუკი?

“რამდენიმე დღის წინ სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრის მონაკვითზე, დასახლებულ პუნტქ უისტას რაიონში სუკ-ის სასაზღვრო ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დააფიქსირეს ქართული კერძო სამედიცინო კლინიკის, „Private“-ის ავტომობილის არასანქცირებული გამოჩენა. მანქანის კარზე იყო მწვანე წარწერა „Cprivate“, ხოლო ფანჯრებზე — სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლურჯი ემბლემა.

პირველ შემთხვევაში, თეთრი „ნისან პატრული“, გვერდზე განთავსებული მწვანე ხაზებით და წარწერით „Cprivate“, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორი მანქანის თანხლებით გავიდა კარიერის რაიონისკენ, სადაც საქართველოს შსს-ს პოსტი მდებარეობს. ადგილზე მისვლისას მანქანები ფარულად განთავსდნენ ადგილზე და სადამკვირვებლო მისიის ოფიცრების ქცევიდან გამომდინარე, ემზადებოდნენ დაუდგენელ პირებთან შესახვედრად.

მას შემდეგ, რაც ისინი სუკ-ის სასაზღვრო ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა შენიშნეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებმა და ქართველმა მედიკოსებმა სწრაფად დატოვეს სასაზღვრო ტერიტორია.  მეორე შემთხვევაში, თეთრი ფერის „ნისან პატრული“, წარწერით „Cprivate“, სადამკვირვებლო მისიის ორი მანქანის თანხლებით გამოემგზავრა დასახლებული პუნქტის, ჩორჩანის მხირდან 991,1 სიმაღლეზე. ადგილზე მისვლის შემდეგ სადამკვირვებლო მისიის ოფიცრებმა ადგილზე დაკვირვება დაიწყეს, 20 წუთის შემდეგ კი გაემგზავრნენ კობის მიმართულებით.

შპს „Private“-ს ეკუთვნის შპს „Insurance Company Unison“-ის აქციების 100 პროცენტი, რომელიც ქართულ სადაზღვევო ბაზარზე 2011 წლიდან მუშაობს.

შპს „Private“ და შპს „Insurance Company Unison“ეკუთვნის ვასილ ახრახაძეს. 2015 წლიდან შპს „Private“ ევროპის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას უწევს“, — ნათქვამია ცხინვალის სუკ-ის განცხადებაში, რომელსაც „სპუტნიკი“ და „რესი“ ავრცელებენ.

სადამკვირვებლო მისიის პასუხი

21 მაისს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა სადამკვირვებლო მისიაც — გავრცელებული განცხადების თანახმად, „არაზუსტად და მცდარად აისახა 26 აპრილს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ქმედება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ“.

მისია აგრეთვე კატეგორიულად უარყოფს „ცრუ ცნობებს, რომელიც მისიის წინააღმდეგ მიმართული უპასუხისმგებლო დეზინფორმაციის მორიგ მაგალითს წარმოადგენს“.

მისიის განმარტებით, „26 და 27 აპრილს მათ უპასუხეს ცხელი ხაზის გააქტიურებებს „კერძო ავტომობილების“ შესახებ, რომლებიც ახლდა მის პატრულს და განმარტეს, რომ დასახელებული მანქანები წარმოადგენდნენ სასწრაფო დახმარების მანქანებს.

„სასწრაფო დახმარების მანქანები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულებს თან ახლავს მისიის დაარსების დღიდან. ისინი წინასწარი სიფრთხილის სტანდარტული ზომაა, რაც ჩვენს თანამშრომლებზე ზრუნვის ვალდებულების ნაწილია, რათა საჭიროების შემთხვევაში, მათ  სწრაფად შეძლონ აუცილებელი დახმარების გაწევა, მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ადგილებში პატრულირებისას, სადაც სწრაფი სამედიცინო დახმარების მიღება რთულად მისაწვდომია.

სასწრაფო დახმარების მანქანა მკვეთრად ხილვადი იყო. საიდუმლო მოძრაობა არ ყოფილა. პატრული ჩატარდა გეგმის მიხედვით. არცერთ მოქალაქესთან არავითარი კონტაქტი არ შემდგარა. არანაირი ნიმუშების შეგროვება არ მომხდარა  და ამის განზრახვაც არ არსებობს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის სადამკვირვებლო მისია, ის ყოველდღიურად  აწარმოებს დაკვირვებას, მათ შორის, COVID პანდემიის დროს.

ყველა მხარემ, მათ შორის სამხრეთ ოსეთის მონაწილეებმა, იციან ეს ფაქტები, რომლებიც მათ აუხსნეს ცხელი ხაზის მეშვეობით 26 და 27 აპრილს და ადრეც მრავალი წლის განმავლობაში, მაგალითად, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის  შეხვედრებზე, ჯერ კიდევ 2014 წელს.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყოველდღიურად აკვირდება ვითარებას ადგილზე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ. ჩვენი მისია მუდმივად პატრულირებს მიმდინარე პანდემიის დროს. ჩვენი მიდგომა არის სრულად მიუკერძოებელი“, — ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი