ახალი ამბები

“საზოგადოებრივი ჯანმრთელობის” კანონში ცვლილებებს პარლამენტმა I მოსმენით მხარი დაუჭირა

21 მაისი, 2020 • 993
“საზოგადოებრივი ჯანმრთელობის” კანონში ცვლილებებს პარლამენტმა I მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომაროების დაწესების გარეშე შემზღუდავი ზომების გატარების შესაძლებლობას პარლამენტმა პირველი მოსმენით, 80 ხმით 3-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა. კენჭისყრას 101 დეპუტატი ესწრებოდა.

კანონპროექტი მიიღეს დათქმით, რომ შეზღუდვები, რომელსაც ის ითვალისწინებს, დროებითი იქნება, სავარაუდოდ, ივლისამდე, და გარდამავალ დებულებებში გაიწერება. აღნიშნულის შესახებ პარლამენტმა უნდა იმსჯელოს, რის შემდეგაც მეორე მოსმენაზე გავა. მანამდე კანონპროექტი  მთავრობას  შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას WHO-ს მიერ პანდემიის დასრულებად გამოცხადებამდე აძლევდა.

“ხვალ უკვე უქმდება საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება შეზღუდვების შენარჩუნება გარკვეული დროის განმავლობაში. მინდა შემოვიტანო ასეთი ინიციატივა: მეორე მოსმენამდე დღესვე რომ განვიხილოთ ასეთი რამ, რომ ის შეზღუდვები, რომელიც დგინდება ამ ახალი კანონით, იყოს დროებითი, გაწერილი გარდამავალ დებულებებში.

პირობითად რომ ავიღოთ, 15 ივლისამდე, მანამდე საკონსტიტუციო ცვლილებებიც იქნება მიღებული და ამის შემდეგ უკვე ეს გარდამავალი დებულებებიც დაკარგავს თავის აქტუალობას”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

საუბარია “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პაკეტიზე, რომლის მიხედვით, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება შემზღუდავი საკარანტინო ღონისძიებების გატარება, რომლებიც გულისხმობს გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომისა და სხვა უფლებების შეზღუდვას.

კანონპროექტის ინიციატორები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე. დეპუტატების მიერ კანონპროექტის ინიცირებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა მიმართავს პარლამენტს, მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც შეზღუდვების აღსრულება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შესაძლებელი იქნება.

კანონპროექტს ეწინააღმდეგება ოპოზიცია, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ თქვა, რომ ეს არის “დიქტატორული კანონი”, რომელიც მთავრობას აძლევს რეპრესიების, პოლიტიკური დევნისა და ადამიანის უფლებების შეზღუდვის ინსტრუმენტს.

რა წერია კანონპროექტში, რომელსაც ოპოზიცია დიქტატორულს უწოდებს

მასალების გადაბეჭდვის წესი